საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. მთავარ პროკურატურაში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა მიმდინარე გამოძიებების შესახებ ისაუბრა. ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე იგორ გიორგაძის საქმესთან დაკავშირებით კბილაშვილმა აღნიშნა, რომ პროკურატურა ობიექტურად შეისწავლის გიორგაძის მიმართ წაყენებულ ბრალდებას და მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც საქმე მოითხოვს და არა პოლიტიკური ინტერესი.
კბილაშვილი ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაკავებული აჰმედ ჩატაევის სასამართლო პროცესის ობიექტურად წარმართვის პირობას იძლევა. „ყველა მასალა გულდასმით შევისწავლეთ და პროკურატურა თავის პოზიციას დააფიქსირებს 6 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე. ვიქნებით ობიექტურნი და ის პოზიცია, რომელიც დაფიქსირდება სასამართლო პროცესზე, არ დაუტოვებს კითხვას არავის“, – განაცხადა მთავარმა პრკურორმა.რაც შეეხება საქმეს ყოფილი პრემიერის – ვანო მერაბიშვილის, მიერ ყალბი პასპორტით ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, ჯერ პასუხისმგებლობა გამოკვეთილი არ არის: „ამ გადასახედიდან არ მიმაჩნია, რომ ვინმეს დაპატიმრება მოხდება“. როგორც კბილაშვილმა აღნიშნა, მერაბიშვილის დაკითხვა მოწმის სტატუსით მოხდა, თავად საქმეში არსებული ჩვენებები კი ურთიერთგამომრიცხავია.
მთავარი პროკურორის ინფორმაციით, „ციხის თემა“ უახლოესი 10 დღის განმავლობაში გაიხსნება. „ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება. ბევრი მოვლენა და გარემოება იქნა გამოკვეთილი და უახლოესი 10 დღის განმავლობაში ვგეგმავთ იმას, რომ ციხის თემა გავხსნათ და საზოგადოებას გავაცნოთ, თუ რა მოხდა, როგორც მოხდა, რა ვითარებაში და რა მიზანს ემსახურებოდა ის“. რაც შეეხება 2006 წელს მომხდარ ციხის ბუნტს, კბილაშვილის თქმით, ეს საქმეც აქტიური გამოძიების პროცესშია, ბუნტის საქმეშე იკვეთება თანამდებობის პირთა სახელები.
გარდა ამისა, მას მედიის წარმომადგენლებმა შეკითხვა ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებითაც დაუსვეს. მთავარი პროკურორის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და საკითხი უწყებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
მთავარი პროკურორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზვიად ძიძიგურის განცხადებასაც გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ პოლიტიკური განცხადებების კეთება იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის საქმე არ არის. არჩილ კბილაშვილის განცხადებით, მისი შეფასება ყოველთვის სამართლებრივია: „ვიტყვი, რომ ჩემი, როგორც მთავარი პროკურორის, შეფასება დღესაც და სხვა დროსაც იყო სამართლებრივი და პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებ“.