საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს მოსახლეობის განწყობების შესწავლის მიზნით ჩატარებული უკანასკნელი კვლევის შედეგები საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) პოლიტიკური პარტიების ნაწილს უკვე გააცნო.
კვლევაში მოხვედრილი პრობლემური საკითხები, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს, უცვლელია: ვითარდება თუ არა საქართველოში ეკონომიკა, როგორია საზოგადოების განწყობა და რომელმა უწყებამ მოიპოვა ყველაზე მაღალი ნდობა ახალი ხელისუფლების პირობებში. გამოკითხვა ჩატარდა 9-21 ნოემბრის პერიოდში, გამოიკითხა 1500 რესპონდენტი.რესპონდენტთა მიმართ დასმულ კითხვებს შორის სახელმწიფო ინსტიტუტებში ნდობის რეიტინგით ლიდერია ქართული ეკლესია (94%), რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას რომ ახალი ხელისუფლება მოახერხებს, სჯერა 52 %-ს, რუსეთთან სამომავლო დიალოგს 83% მხარს უჭერს.
კითხვაზე – ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 63 % მხარს კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაუჭერდა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ამბობს, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ მაღალი რეიტინგი ხალხის „დიდ ნდობას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, რომ ნდობა გავამართლოთ“.
თინა ხიდაშელი არ ენდობა კვლევის შედეგებს და აცხადებს, რომ, მისი აზრით, საქართველოში სოციოლოგიის კულტურა ძალიან მწირია. და სწორედ ეს არის შედეგი იმისა, რომ ერთ თვეში რადიკალურად იცვლება მონაცემები: „ეს შედეგები მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ პირველი ოქტომბრის საარჩევნო შედეგები არის ყალბი და გაცილებით უფრო მეტი ხმა უნდა ჰქონოდა „ქართულ ოცნებას“ იმ დოზით, რომ ვერ მოეხერხებინა გაყალბება „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ეს მაინც მოახერხა“.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ კვლევა ნოემბრის პირველ სამ კვირაში არის ჩატარებული და მასში პრემიერ-მინისტრის ბოლო გამოსვლები არ არის მოხვედრილი, სადაც მან ტარიფებისა და ფასების შესახებ ისაუბრა.თარხნიშვილის დასძენს, რომ კვლევა პოლიტიკურ რეიტინგებს შეიცავს, თუმცა პარტიას ტრადიციულად მხოლოდ მისი რეიტინგი მიეწოდება. „შეიძლება ითქვას, რომ მთლიან სურათს სანამ არ დავინახავთ, ამის შესახებ საუბარი ნაადრევია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ კვლევა რეალობას ასახავს. ალბათ, პრეზენტაცია იქნება და უპრიანი იქნება, რომ მონაცემები IRI-მ თავად გამოიტანოს“, – აღნიშნა თარხნიშვილმა.