პოლიტიკა
კანდელაკი: „საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესების ფასი დიდი ხანია, ცნობილია“

lavrovსაქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ სერგეი ლავროვის გუშინდელ განცხადებას სიახლედ არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ უკვე დიდი ხანია, ცნობილია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების „გაუმჯობესების“ რუსული ფასი.

„ერთადერთი საზღაური, რომელიც საქართველომ ქართულ-რუსული ურთიერთობების „გასაუმჯობესებლად“ უნდა გადაიხადოს, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობაა“, – აღნიშნავს კანდელაკი. მისივე თქმით, თუ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება მზადაა ასეთი ფასის გადასახდელად, ეს უკვე სხვა საკითხია. ამასთან, კანდელაკის შეფასებით, ათწლეულების განმავლობაში ქართულ-რუსულ ურთიერთობებში პიროვნების როლი ზედმიწევნით გაზვიადებულია.

„ჩვენ არასოდეს უგულებელვყოფდით კონტაქტებს ჩვენს ქართველ მეზობლებთან, მოძმე ხალხთან. ბევრი გვაქვს საერთო ისტორიაშიც და კულტურაშიც, ჰუმანიტარულ კავშირებში. ეს კავშირები არ გაწყვეტილა. არავითარი პრობლემა არ გვაქვს. მთავარია, რომ კარგად გვესმოდეს კონტექსტი, რომელშიც ეს ხორციელდება. ჩვენი ქართველი მეზობლები საუბრობენ ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მისწრაფებაზე, თუმცა, ადასტურებენ, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებად განიხილავენ. ასეთი რიტორიკა, სავარაუდოდ, მაინცდამაინც არ შეესაბამება იმას, რაც განაცხადეთ – დიალოგის დაწყება ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ჩვენთვის, ვიმეორებ, პრაქტიკულ კონტექსტში, ადამიანთა ურთიერთობების პრაქტიკულ სფეროებში, ეკონომიკაში არ არსებობს რაიმე დახურული თემა“, – განაცხადა გუშინ ლავროვმა ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულებისას.