რობერტ სტურუა: „ო, გახრწნილო ლობისტებო, ამერიკის, ევროპის და საქართველოსი“
საქართველო, 5 დეკემბერი,
საქინფორმი. სამშობლოში დაბრუნებული რეჟისორი რობერტ სტურუა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შეფასებებს „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე აკეთებს. ამჯერად ის ლობისტებს მიმართავს და ამბობს, რომ კანონი ყველას მოუვლის:
„ო, ლობისტებო, ლობისტებო! შემოგაკლდათ ქართველი ხალხის ფული, რომელსაც ჩვენი ლამაზი მთავრობა გიხდიდათ? ო, ლობიზმი, – ვთქვათ პირდაპირ, – ო, ქრთამო, მექრთამეებო! დააკანონეთ ძარცვა პატარა ქვეყნების! ო, თვალთმაქცო ევროპა, ადამიანების უფლებებს ისტერიკულად რომ გვიქადაგებთ, ვეღარ გაწვდიან ქართველი ჩასუქებული ტირანჩიკები ჯამაგირს? ზამთრის კურორტებზე სეირნობა ვეღარ გამოგდით, ბავშვები ვერ დაისვენებენ შობის არდადეგებზე კორტინა დ’ამპეცოებში და ალპებში? იჭერენ თქვენს მათხოვარ ფავორიტებს? ო, ამერიკის ბობოლა ჩინოვნიკებო, დედამიწას თქვენ საკუთრებად რომ თვლით და საქართველოს ბედი კი ფეხებზე გკიდიათ? ცოტა ჭამეთ, არა? გაბრაზდით, არა? მაიამიში სახლებს ვეღარ ყიდულობთ? თუ სამართალი სამუდამოდ არ დაასამარეს ცივილიზაციის ერთგულმა შვილებმა (მე კი მჯერა, რომ ჯერ ცოცხალია), თქვენც მოგივლის კანონი, ღვთის კანონი მაინც, გახრწნილო ლობისტებო, ამერიკის, ევროპის და საქართველოსი“.