საზოგადოება
„ნაბიჯი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სახელმწიფოებრივი ცნობისაკენ“

1-kukavaa-sazoga3საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმისთვის გამოგზავნილ განცხადებაში აღნიშნავს, „პალესტინის სახელმწიფოებრივად ცნობა არის ნაბიჯი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სახელმწიფოებრივი ცნობისაკენ!“

„რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, რომ პალესტინის საკითხი დიამეტრალურად განსხვავდება საქართველოში არსებული ვითარებისგან, უნდა ვაღიაროთ, რომ აღნიშნული საკითხის გატანა და საქართველოს მხრიდან მხარდაჭერა არის კიდევ ერთი მცდარი საგარეო პოლიტიკური ნაბიჯი ამ მეტად სახიფათო და მოლიპულ გზაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აქვე ნათქვამია, რომ კოსოვოს ანალოგიით ისარგებლეს რიგმა სახელმწიფოებმა – სცნეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობები, მათ შორის, პალესტინურმა „ჰამასმაც“, რომელიც დღეს ღაზას სექტორში ხელისუფლებაშია და ახლო მომავალში არ არის გამორიცხული, ხელისუფლებაში მოვიდეს დასავლეთ სანაპიროზეც, ანუ მთელ პალესტინაში და არ არის გარანტია, რომ ხვალ ეს პროცესი საქართველოს არ შემოუბრუნდება.

„მხარი დაუჭირა რა პალესტინის ცნობას საქართველოს ხელისუფლებამ (თუ ხელისუფალყოფილმა, რამდენადაც ელჩი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ინტერესების გამტარებელია და არა საქართველოს სახელმწიფოსი), ირიბად მისცა ნიშანი, რომ არ არის წინააღმდეგი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცნობისა, რომ გაეროში აწევრებს ქვეყანას, რომელმაც სცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომია და, რომ შეიქმნა საფუძველი, გენერალურ ასამბლეაზე აღარ გავიდეს რეზოლუცია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, რაც წინაპირობაა დასავლეთის მიერ არაღიარების პოლიტიკის შეცვლისა და კალეიდოსკოპური თანმიმდევრობით ტოტალურად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო აღიარების  დაწყებისა“, – ნათქვამია განცხადებაში.

სიტუაციის ექსტრემალურობიდან გამომდინარე, „თავისუფალი საქართველო“ მოითხოვს, სასწრაფოდ იქნეს მოწვეული პარლამენტის სხდომა დღის წესრიგში ერთადერთი საკითხით – „სეპარატიზმთან დაკავშირებული საგარეო პოლიტიკის გამოწვევები და მიმართულებები“ და მიღებულ იქნეს შესაბამისი დროული გადაწყვეტილებები მომავალი საგარეო საფრთხეების პრევენციის მიზნით.