სამართალი
კუდ-ის მაღალჩინოსნებს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ

axalaia-samarTali3საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კუდ-ის ყოფილ უფროს დათა ახალაიას და სხვა ყოფილ  მაღალჩინოსნებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ. მოწმეების ჩვენებების საფუძველზე დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვს, სოსო თოფურიძესა და გერონტი ალანიას 2005 წლის იანვარში პოლიციელების ცემაში ადანაშაულებენ.

ბრალდების მხარემ ოთხივე ბრალდებულისთვის პატიმრობა მოითხოვა, ხოლო დაცვის მხარემ უსაფუძვლოდ მიიჩნია პროკურორების მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებები. დაცვის მხარეს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო არ მოუთხოვია.

ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალის წაყენების პროცედურა დაირღვა.

პროკურორების თქმით, მელნიკოვმა საქართველო 2010 წლის 2 დეკემბერს დატოვა, ახალაიამ და თოფურიძემ – 2012 წლის 5 ოქტომბერს, ალანიამ კი – 2012 წლის 22 ოქტომბერს, რის შემდეგაც ისინი საქართველოში აღარ დაბრუნებულან.

ახალაიას ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის თქმით, იგი აღნიშნულ საქმეს სააპელაციო სასამართლოში  ვერ გაასაჩივრებს, რადგან ბრალდებულ დათა ახალაიას ხელმოწერაა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ დათა ახალაიას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა), აგრეთვე, 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, ისევე, როგორც დანარჩენ მაღალჩინოსნებს, რაც  უფლებამოსილების გადამეტებას ითვალისწინებს.