საზოგადოება
საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. გაეროში საქართველოს წარმომადგენელმა პალესტინის საკითხის განხილვისას ასეთი განცხადება გააკეთა: „გამომდინარე იქიდან, რომ გეოგრაფიულად საქართველო ახლო აღმოსავლეთთან ახლოს მდებარეობს, საქართველო თანაუგრძნობდა ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მოსახლეობის მისწრაფებებს , კერძოდ, პალესტინის სახელმწიფოებრიობას და ისრაელის უსაფრთხოებას“.
გაეროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს წარმომადგენელმა განმარტა: „პალესტინასთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია არ გულისხმობს, რომ პალესტინამ მიიღო უფლება, გაწევრდეს საერთაშორისო ორგანიზაციაში სახელმწიფო წევრის სტატუსით... კონფლიქტის დასასრულს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და მხოლოდ მხარეებს შორის მოლაპარაკებების გზით მიღწეულ შეთანხმებას უნდა ეფუძნებოდეს. დღეს მიღებული რეზოლუცია ნიშნავს პრივილეგიებისა და უფლებების მიცემას დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსის ფარგლებში; რეზოლუცია არ გულისხმობს იმას, რომ პალესტინამ მიიღო უფლება, გაწევრდეს საერთაშორისო ორგანიზაციაში სახელმწიფო წევრის სტატუსით“.
გაეროს ვებგვერდზე არ არის მითითებული საქართველოს წარმომადგენლის ვინაობა, თუმცა, „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, „გაეროში საქართველოს მუდმივი და სრულუფლებიანი წარმომადგენელი კახა ლომაია შვებულებაშია და სხდომაში მის მაგივრად მისი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი მონაწილეობდა“.