საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესს იწყებს

1-iusticia-sazogadoebaa1საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრმა ყოფილი მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის დაწყების მიზნით სოციალური მუშაკების კონკურსის საფუძველზე შერჩევა დაიწყო.

კონკურსის მეორე ეტაპს პირადად ესწრებოდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც ჟურნალისტებთან ამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სოციალური მუშაკი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაწილეა, რადგან პირველ ეტაპზე სწორედ მან უნდა მოახდინოს ყოფილი მსჯავრდებულის ფსიქოსოციალური შეფასება და გეგმის შესრულებას მონიტორინგი გაუწიოს.

მინისტრის განცხადებით, ამ პროექტის მიზანი იმ ახალგაზრდებზე ზრუნვაა, რომლებიც ერთხელ უკვე მოხვდნენ საპატიმროში. მისი თქმით, სამინისტრომ ახალი მიდგომა შესთავაზა საზოგადოებას, რადგან „უახლოეს მომავალში არაერთი პატიმარი დატოვებს ციხეს. ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში სახელმწიფოს ევალება, მოამზადოს ნიადაგი იმისთვის, რომ ეს ადამიანები, ერთი მხრივ, საზოგადოებას დაუბრუნდნენ სრულფასოვან წევრებად, მეორე მხრივ, აღვკვეთოთ ჩვენ მიერ მათდამი გაწეული დახმარების გზით მათი ციხეში მიბრუნების შესაძლებლობა“.

სამინისტროს ახალ ინიციატივას საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი მოჰყვა. „ჩვენი მიზანია, ღირსეულად დავხვდეთ იმ პატიმრებს, რომლებიც დატოვებენ ციხეებს, შევეშველოთ მათ, რომ გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, დავეხმაროთ ცხოვრებაში საკუთარი გზის მოძებნაში და შევუშალოთ ხელი იმაში, რომ ოდესმე კიდევ ფეხი წაუცდეთ ცხოვრების გზაზე და დაბრუნდნენ იმ საშინელ ადგილას, რომელსაც ციხე ჰქვია“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.