სამართალი
ასპინძის რაიონში საცხოვრებელი სახლიდან საბრძოლო მასალა ამოიღეს

iaraRi-samarTaaa2საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. შსს ასპინძის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს ასპინძის რაიონის სოფელ დამალაში მცხოვრები, 1959 წელს დაბადებული ვრეჟ მ., ეროვნებით სომეხი, სომხეთის მოქალაქე. შსს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სხვენიდან ამოიღეს საბრძოლო მასალა, „კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 ცალი მჭიდი, 175 ცალი 5,45 მმ-იანი და 47 ცალი 7,62 მმ-იანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნა, 2 ხელყუმბარა; ავტომატისათვის განკუთვნილი ხიშტ-დანა ქარქაშით, გლუვლულიანი 16 კალიბრიანი ერთლულიანი სანადირო თოფი“.

აღნიშნულ საბრძოლო მასალას ვრეჟ მ. უკანონოდ ინახავდა. დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. შსს ასპინძის რაიონული სამმართველო გამოძიებას აწარმოებს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით.