პოლიტიკა
სესიაშვილი: ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების საკითხის განხილვა გადადო

SeSiaSviliსაქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. პრაღაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ  საქართველოსთვის ნატოში გაწევრების გეგმის მინიჭების საკითხის განხილვა გადადო, რადგან ქვეყანაში პროცესების შესახებ ანგარიში ვერ მოისმინა იმ მიზეზით, რომ ქვეყანაში არ ჩასულან ნატოს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები. კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებით, პროცესზე გავლენა მოახდინა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე არასაკმარისი ინფორმაციის გამო, საქართველოს თაობაზე ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო. „სამწუხაროდ, იმ მონაცემებმა, რომლებიც პრეზიდენტის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მიაწოდეს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები შეცდომაში შეიყვანეს“, – განუცხადა „კავკაზსკი უზელის“ კორესპონდენტს ირაკლი სესიაშვილმა.

მისი აზრით,  ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება არ ეფუძნება ქვეყანაში რეალურ ვითარებას. „წელს ნატოს დამკვირვებლებს არ ჰქონდათ საკმარისი დრო   საქართველოს შესახებ ანგარიშის მოსამზადებლად. ასე რომ,  საქართველოს შესახებ რეზოლუციის ტექსტის მიღებისას ვერც კი დაკონკრეტდა, რა მონაცემების  საფუძველზე  უნდა იქნეს მიღებული  ესა თუ ის გადაწყვეტილება“, – განაცხადა სესიაშვილმა.

მომავალში მსგავსი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრაღის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, შეიქმნას სპეციალური მომხსენებლის პოსტი საქართველოს საკითხებში. „უახლოეს მომავალში განისაზღვრება  საქართველოს საკითხებში სპეციალური მომხსენებლის კანდიდატურა, და უკვე წელს იგი დაიწყებს სიტუაციის მონიტორინგს საქართველოში. საქართველოს მთავრობა, თავის მხრივ, უზრუნველყოფს მაქსიმალურ გამჭვირვალობას სპეციალური წარმომადგენლისათვის მისი მოღვაწეობის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოში ნოემბრის ბოლოს დაგეგმილი ნატოს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი  გადაიდო ქვეყანაში შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროს გიორგი კალანდაძის დაკავების გამო, რომელთან ერთადაც დააკავეს  შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და თავდაცვის ექს-მინისტრი ბაჩო ახალაია,  უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სხდომაზე, რომელმაც მუშაობა დაასრულა 12 ნოემბერს,  მოულოდნელად წამოაყენეს საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების საკითხი, თუმცა, ის გადაავადეს. რეზოლუციის მიხედვით, უარის მიზეზი  შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიასა, და პოლიციისა და თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსნის დაკავება გახდა, რომლებიც ექს-პრემიერ ვანო მერაბიშვილის მთავრობაში მუშაობდნენ.

საქართველოში მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ვარაუდით, ბაჩო ახალაიას დაკავების საკითხი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წყალობით წამოიჭრა, რომელიც მთელი თავისი გავლენის გამოყენებას შეეცადა, რათა შეეჩერებინა თავისი ყოფილი ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიება.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, თავის მხრივ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, მან, პირიქით, მთელი ძალისხმევა გამოიყენა, რათა ნატოს არ გაეუქმებინა თავისი სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ძალზე კრიტიკულად იყო განწყობილი.

„ძალიან სამწუხაროა... ასეთი კრიტიკული ტონი ბოლო წლებში ნატოს მხრიდან საქართველოს მიმართ თითქმის არ მახსოვს... იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ამდენი ვიმუშავეთ ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის კაბინეტში შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის დაკავება, ვფიქრობ, განსჯის საფუძველს იძლევა“, – განაცხადა სააკაშვილმა საპარლამენტო ასამბლეის შედეგების კომენტირებისას.