აქტუალური
მაყვალა გონაშვილს აზერბაიჯანში ჩასვლა აუკრძალეს

gonaS-aqtuaa2საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილის მთიან ყარაბაღში გასულ თვეს ახალგაზრდა მწერალთა ორგანიზებითა და მწერალ ვარდამ ჰაკობიანის მიწვევით პოეზიის საღამოზე მონაწილეობა საბოდიშოდ გაუხდა.

გონაშვილის მთიან ყარაბაღში ჩასვლას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტოს მწვავე პროტესტი და გაღიზიანება მოჰყვა. ოფიციალურმა ბაქომ გონაშვილის მიმართ სანქციები აამოქმედა. საქართველოს საგარეო უწყება კი მას აფრთხილებს, გარკვეული დროის განმავლობაში აზერბაიჯანში ჩასვლისგან თავი შეიკავოს.

აზერბაიჯანმა ქართველი მწერალი ქვეყანაში არასასურველ სტუმართა სიაში შეიყვანა. თავად გონაშვილმა აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკური შეხვედრა არ ყოფილა, თორემ ყარაბაღში დაძაბული ვითარების გათვალისწინებით თავს შეიკავებდა გამგზავრებისგან. ამასთან, მან საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოსა და აზერბიჯანის მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს წერილობით ბოდიში მოუხადა. თუმცა აღნიშნავს, რომ შემოქმედებას საზღვრები არ აქვს.   
„მე ყოველთვის მჯეროდა, რომ პოეტის შემოქმედებას საზღვრები არ აქვს. პოლიტიკოსებს აქვთ უფლება, ისაუბრონ კანონის ენაზე, ხოლო ჩვენ, მწერლებს მხოლოდ ერთი იარაღი გვაქვს – სიტყვა. ყველაზე მეტად სამწუხარო იქნება ის, რომ ჩემი აზერბაიჯანელი მეგობრების გულები შეიძლება, დაიხუროს ჩემთვის. ყველას ვთხოვ, მომიტევოთ დიდსულოვნად იმისათვის, რომ განზრახვის გარეშე მოგაყენეთ ასეთი მწარე ტკივილი“, – ნათქვამია მაყვალა გონაშვილის წერილში.