საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი უკვე იტყობინებოდა, გაეროში პალესტინისთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებას მხარი საქართველომაც დაუჭირა.
ამ ფაქტს საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მხრიდან უკვე მოჰყვა რეაქცია. იუვალ ფუქსმა გაეროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და რეზოლუცია შეაფასა და საქართველოს მიერ ხმის მიცემა პალესტინისთვის არაწევრი სახელმწიფოს დამკვირვებლის სტატუსის შექმნასთან დაკავშირებით საქართველოს მხრიდან არამეგობრულ ჟესტად აღიქვა. თუმცა აქვე დიპლომატმა დასძინა, რომ ეს ფაქტი არ მოახდენს განსაკუთრებულ ცვლილებებს ორ სახელმწიფოს შორის როგორც სავაჭრო, ისე ეკონომიკურ ურთიერთობებში.„ეს გადაწყვეტილება რეალურად არაფერს ცვლის. არ არსებობს სახელმწიფო, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის მსგავსი რეზოლუციის შედეგად შეიქმნა. ისრაელმა წარსულში არაერთხელ დაამტკიცა, რომ მშვიდობის მომხრეა, თუმცა ამის მისაღწევად მხოლოდ ერთი გზა არსებობს – პირდაპირი მოლაპარაკებები. ეს არის გზა რამალასა და იერუსალიმს შორის, რომლის გავლასაც მანქანას სულ რაღაც 10 წუთამდე სჭირდება. არ არის აუცილებელი, ამისთვის 10 საათი იფრინო ნიუ იორკიდან“, – ასე შეაფასა იუვალ ფუქსმა გაეროს გადაწყვეტილება და დასძინა, რომ დამოუკიდებლობის საყოველთაო დეკლარაციით, „ვერ შექმნი სახელმწიფოებს და ვერც წვლილს შეიტან რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“.
რაც შეეხება საქართველოსთან მიმართებას, ელჩმა აღნიშნა, რომ მათთვის „საქართველოს პოზიცია სამწუხარო მოულოდნელობა იყო“. თუმცა ამ ფაქტმა ორ ქვეყანას შორის დამოკიდებულებაზე არ უნდა იმოქმედოს – „საქართველოს ისრაელთან ხანგრძლივი ურთიერთობები აკავშირებს – ის გუშინ არ დაწყებულა და არც დღეს დასრულებულა“, – აღნიშნა ისრაელის ელჩმა საქართველოში.