აქტუალური
„ბოდიში ისრაელს“

bodishiსაქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. 14 საათის წინ „ფეისბუქზე“ შეიქმნა გვერდი სახელწოდებით „ბოდიში ისრაელს“, რომელსაც უკვე 343 მოწონება აქვს. გვერდის ადმინისტრატორები ბოდიშს უხდიან ებრაელ ხალხს საქართველოს მიერ გაეროში პალესტინის არაწევრ სახელმწიფოდ აღიარებისათვის.

„მე, საქართველოს ერთი მოქალაქე, ბოდიშს ვუხდი ებრაელ ხალხს, საქართველოს მთავრობის მიერ გაეროში პალესტინის არაწევრ სახელმწიფოდ აღიარებისთვის“, – წერს გვერდის ერთ-ერთი ავტორი.

როგორც საქინფორმი უკვე იტყობინებოდა, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა პალესტინისთვის სტატუსის გაზრდას, მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებას სასტიკად ეწინააღმდეგებოდა აშშ და ისრაელი. კენჭისყრისას საკითხის დადებითად გადაჭრას მხარი დაუჭირა 138-მა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც.

თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს გადაწყვეტილებაში – მხარი დაეჭირა პალესტინის სტატუსის აღიარებისათვის, ტრაგიკული არაფერია და ისრაელთან ურთიერთობას ეს ვერ გააფუჭებს.

„საქართველოს პალესტინა უკვე აღიარებული ჰყავს და დიდი ხანია, მასთან დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული. აქედან გამომდინარე, ეს რეზოლუცია არაფერს ცვლიდა პალესტინის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებაში“, – აღნიშნა კაპანაძემ, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოტივაციას ისრაელიცა და აშშ-ც გაგებით მოეკიდებიან.