საზოგადოება
დღეიდან შემოსავლების სამსახური საკონტროლო შესყიდვებს ააქტიურებს

1-semosavlebi-sazogaaa2საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. დღეიდან შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები საგადასახადო ადმინისტრირების გასაძლიერებლად ე.წ. საკონტროლო შესყიდვებს ააქტიურებენ. საკონტროლო შესყიდვები  ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში საკონტროლო სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის გასაკონტროლებლად გამოიყენება. 
საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობა, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა ან ჩეკში გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური თავის ოფიციალურ ვებგვერდზე მხარეების უფლება-მოვალეობის შესახებ ინფორმაციასაც აქვეყნებს.

მეწარმე ვალდებულია, საქონლის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის დროს მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოიყენოს საკონტროლო-სალარო აპარატი.
მეწარმის მიერ ჩეკის გაცემა უნდა მოხდეს ნაღდი ფულის გადახდისთანავე ან/და მის  მიერ ხურდის დაბრუნებასთან ერთად.
საკონტროლო-სალარო აპარატის გაუმართაობის (დაზიანების)  შემთხვევაში მეწარმე   ვალდებულია, გამორთოს სალარო აპარატი და  შეწყვიტოს მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება. ამ პერიოდში მას შეუძლია გამოიყენოს დადგენილი წესით რეგისტრირებული მისსავე საკუთრებაში არსებული ან/და ტექნიკური მომსახურების ცენტრის მიერ დროებით მფლობელობაში გადმოცემული სარეზერვო სალარო აპარატი.