ირაკლი ოქრუაშვილის საქმეში ახალი გარემოება გაჩნდა
საქართველო, 3 დეკემბერი,
საქინფორმი. საქართველოს შს ყოფილი მინისტრის – ირაკლი ოქრუაშვილის, დღევანდელი სასამართლო სხდომა საქმეში ახალი გარემოებების გაჩენის გამო გადაიდო. დღეს მოსამართლეს პირდაპირ პროცესზე აცნობეს, რომ სამართალდამცველებმა ჯგუფურ დანაშაულში მონაწილე კიდევ ორი პიროვნება დააკავეს – გაბრიელ პავლიაშვილი და ვინმე ბეგიაშვილი. ამ გარემოებების გათვალისწინებით, მოსამართლემ პროცესი გადადო. ადვოკატ ლალი აფციაურის განმარტებით, „ციხის ადმინისტრაცია ვალდებული იყო, ეცნობებინა სასამართლოსთვის ძებნილი პირის დაკავების თაობაზე, შემდგომში უკვე სასამართლოს უნდა უზრუნველეყო ბრალდებულის წარმოდგენა, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ განხორციელდა“.
რაც შეეხება დღევანდელ სხდომას, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ვიდეოკამერებს მისი მიმდინარეობის პირველი 2 წუთის გადაღების საშუალება მიეცათ. სხდომას თავად ბრალდებულებიც ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნას და მეთაურობას გულისხმობს და ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მასთან ერთად ფორმირებების მომზადებაში ბრალდებულიუა კიდევ რამდენიმე პირი. მათ შორის, გიორგი გაბროშვილი, იოსებ გიგუაშვილი, ზაზა ბეთლემიშვილი და ხვიჩა საბაშვილი.
სხდომა 5 დეკემბერსაა ჩანიშნული.