სამართალი
ვანო მერაბიშვილი – ლევან მაისურაძე?!

vano-samartსაქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. გასულ კვირას საქართველოს დელეგაციამ სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში ევროპის სახალხო პარტიის მიერ ინიცირებულ აღმოსავლეთპარტნიორობის მეორე სამიტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.

დელეგაციის წევრთა შორის იმყოფებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე საკუთარი ფოტოთი ვინმე ლევან მაისურაძის პასპორტი წარადგინა, თუმცა ამ ფაქტს თავად უარყოფს.

დაკითხვაზე გამოცხადებულმა მერაბიშვილმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლა. „ლევან მაისურაძეს, დაბადებულს 12.02.1970 წელს, არ ვიცნობ, არც მისი რაიმე სახის დოკუმენტი მინახავს და არც მქონია“, – განაცხადა მერაბიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გამოაქვეყნა ამონარიდები ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით დაკითხული ყოფილი პრემიერ-მინისტრის – ივანე მერაბიშვილის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის უფროსის – ზურაბ დარჩიაშვილის, ამავე სამსახურის თაამშრომლის – გიორგი გიორგაძისა და მესაზღვრე კონტროლიორის – ვაჟა ღოღაძის ჩვენებებიდან.

აღნიშნული ჩვენებები და საქმის მასალები ცხადყოფს, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა მართლმსაჯულებისათვის შეგნებულად ხელის შეშლის მიზნით, გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, რომელიც არსებითად ეწინააღმდეგება საქმეში მოპოვებულ მტკიცებულებებსა და უტყუარად დადასტურებულ ფაქტებს, აგრეთვე, სხვა მოწმეთა ჩვენებებს.

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვანო მერაბიშვილის დაკითხვას გამოეხმაურა.

„ჩემთვის ძალიან უხერხული და სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი არ აღიარებს იმ ფაქტს, რომ დამზადებული იყო სხვა პასპორტი ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე, ეს ფაქტი დაფიქსირდა თბილისის აეროპორტში. ეს დააფიქსირა პატრულის თანამშრომელმა და დაადასტურა პროტოკოლის თანამშრომელმა. მე პირადად მრცხვენია, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი პრემიერი არ აღიარებს ამ ფაქტს. ის უბრალოდ ტყუის, როცა აცხადებს, რომ მსგავს ფაქტს არ ჰქონია ადგილი. ნებისმიერ ადამიანს და, განსაკუთრებულად, ყოფილ პრემიერს და შს მინისტრს უნდა გააჩნდეს საკმარისი ვაჟკაცობა, რომ აღიაროს აღნიშნული ფაქტი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.