პუბლიკაციები
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის იუსტიციის ექს-მინისტრი: „იუსტიციის სახლის შექმნის იდეა მე მომპარეს!“

1-analit-new-justiceსაქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც 2012 წლის 29 ნოემბერს იუწყებოდა საქინფორმი, საქართველოს უზენაესი საბჭოს ყოფილმა დეპუტატმა მირიან მირიანაშვილმა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოპარვაში დაადანაშაულა. მაგრამ, როგორც ჩანს, მსგავსი ქურდობის ფაქტები ერთეულები არ არის!

ერთი დღით ადრე – 2012 წლის 28 ნოემბერს – საქინფორმის რედაქციას დაუკავშირდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ყოფილი იუსტიციის მინისტრი მარინა კაჟაშვილი, რომელმაც ვრცელი მასალა გამოგვიგზავნა (როგორც თავად წერს – „ტიტულიან ფურცელზე გერბისა და ბეჭდის გარეშე ინფორმაციის მეტი დამაჯერებლობისათვის“) – იმის შესახებ, თუ როგორ მოჰპარეს მას იუსტიციის სახლის შექმნის იდეა, რომელთა მშენებლობითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით ასე იკვეხნის პრეზიდენტი სააკაშვილი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ.

გთავაზობთ ქალბატონ მარინა კაჟაშვილის მიერ  საქინფორმისათვის გამოგზავნილ მასალას ცვლილების გარეშე:

ХУССАР ИРЫСТОНЫ  АДМИНИСТРАЦИЙЫ  ЮСТИЦИЙЫ  МИНИСТРАД

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრციის იუსტიციის სამინისტრო

МИНИСТЕРСТВО  ЮСТИЦИИ   АДМИНИСТРАЦИИ   ЮЖНОЙ  ОСЕТИИ

მე, მარინა ილიას ასული კაჟაშვილი, დავიბადე 1967 წლის 10 ივნისს ქალაქ ცხინვალში.  დავამთავრე პირველი ქართული საშუალო სკოლა და რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი. 1990 წლის იანვარში ქართულ-ოსური დაძაბულობის  მსხვერპლი აღმოჩნდა ჩემი ოჯახი, იმ ასობით ქართულ ოჯახთან ერთად , რომლებმაც დატოვეს ქალაქი ცხინვალი. მას შემდეგ ჩემი ოცნება იყო ჩემს მშობლიურ ქალაქში დაბრუნება, ჩემი უბნის  ნახვა სადაც დავიბადე,  ავიდგი ფეხი და წარმოვთქვი პირველი სიტყვა. განსაკუთრებით კი დიდი სურვილი მქონდა ცხინვალის ძველი ქართული სასაფლაოს ნახვის, სადაც განისვენებს მამა და ჩემი 20 წლის გარდაცვლილი ძმა, რომელიც პირველივე დარტყმების დროს ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა ხუთ ქართველ ჯარისკაცთან ერთად, რომელნიც ერთ სანათესაოს ქმნიდნენ. ჩვენი ოჯახი ცხინვალიდან გორში გადმოვსახლდით.

ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დავრჩი  ისტორიისა და სამართალმცოდნეობის კათედრაზე. პარალელურად დავამთავრე სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

ასევე, დავამთავრე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის „ასპირანტურა“. ვარ რამდენიმე სამეცნიერო შრომისა და წიგნის ავტორი.

უნივერსიტეტში 15-წლიანი მუშაობის შემდგომ პარალელურად ოსური საინფორმაციო გადაცემები მიმყავდა შიდა ქართლის ტელეკომპანია „თრიალეთის“ ეთერით.

სათავეში ჩავუდექი ოსური ფაკულტეტის ჩამოყალიბებას ცხინვალის უნივერსიტეტში ქ. გორში, რათა ქართველთა და ოსთა კონფლიქტის შემსუბუქებისათვის ხელი შემეწყო.

ჩემი ასეთი საზოგადოებრივი აქტიურობით პირველი ქალი ვიყავი დიდსა და პატარა ლიახვის ხეობაში პოლიტიკოსის სტატუსით, რომელმაც მონაწილეობა მივიღე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის პრეზიდენტის არჩევნებში 2006 წლის 12 ნოემბერს, კონფლიქტის ზონაში – სოფელ ერედვში, სადაც ვირიცხებოდი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრად (ბევრმა ეს არც კი იცის, რა რთული გზა გავიარე მინისტრობამდე).

ერთი სიტყვით, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია ჩამოყალიბდა. პრეზიდენტად არჩეულ იქნა დიმიტრი სანაკოევი, პრემიერ-მინისტრად კი – ურუზმაგ ქარქუსოვი.

რასაკვირველია, ყველამ თავისი ადგილი დაიკავა და მე, მარინა კაჟაშვილი, დავინიშნე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის იუსტიციის მინისტრად. პრაქტიკულად, ჩვენ ჩავიბარეთ 16-წლიანი გამუდმებული სროლებისაგან დანგრეული სოფლები, სადაც ყველა სფერო დახმარებას საჭიროებდა. ჩვენ გვიხდებოდა წვერიახოს გაუვალ ტყეებში სიარული შემოვლითი გზით, რომელიც ნელ-ნელა შემდგომ პერიოდულად კეთდებოდა; გზა, სადაც ბევრი ახალგაზრდის სიცოცხლე შეწყდა; გზა, სადაც ადამიანებს წვავდნენ ხეზე მიბმულს; გზა, სადაც ყოველ წუთს სნაიპერის ტყვიას ელოდა ადამიანი, გზა სადაც არ იყო არავინ დაზღვეული მეწყერისა და ხრამში გადაჩეხვისაგან. ბევრს არ შეეძლო კბილებამდე შეიარაღებული რუსების პოსტის გავლა წვერიახოს მაღალ მთაზე. ეს მხოლოდ გმირებს შეგვეძლო. ამიტომაც იყო, რომ იქ ერთხელ გადმოსული მაშინდელი ქართული ხელისუფლების ჩინოვნიკი მეორედ აღარ მინახავს.

სწორედ  ამ ვითარებამ მაფიქრებინა იუსტიციის სახლის მშენებლობის იდეა. ძალიან ჭირდა ნოტარიუსის გადაყვანა ხეობაში და ხალხი კი ამბობდა – ჩვენი ამდენი ხალხის გადასვლას წვერიახოს გზაზე, რომელსაც მე  „სიკვდილის გზა“ ვუწოდე, ჯობს ნოტარიუსი აქ გადმოიყვანოთო. კიდევ ბევრი სხვა თანამშრომელი თავს იკავებდა იმ გზაზე სიარულისაგან. ხშირად მეუბნებოდნენ – თუ თქვენს ოთახში გვექნება სამუშაო, წამოვალთ, თუ თქვენი მანქანით გავემგზავრებით წამოვალთო, თითქოს მე ტყვიაგაუმტარი ვიყავი. მე კი, რაც შემეძლო, ჩვენი სამინისტროს მანქანით დამყავდა თანამშრომელთა უმეტესობა. სხვანაირად არც იქნებოდა.

სწორედ ამის გამო ღამეების ნაფიქრი იდეა შევთავაზე პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრ უ. ქარქუსოვს. ეს ყველაფერი წერილობით ხდებოდა. 6-თვიანი და ერთწლიაინ სამომავლო გეგმების სახით ვაწვდიდით ყველა სამინისტროს ჩვენს მოთხოვნებსა თუ თხოვნებს. ამის გარდა, თათბირებზეც ვახმოვანებდით ჩვენს მოთხოვნებს. წერილობითი თხოვნები კი თბილისს ეგზავნებოდა და პარალელური სამინისტროს მინისტრებთან შეხვედრებიც იმართებოდა.

ადრე გაზაფხული იყო და ხეობაში ბევრი პრობლემა დაგროვდა და ხალხმა ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეხვედრა მოითხოვა. გვეწვია კიდეც დელეგაცია თბილისიდან. შეხვედრა ახლად აშენებულ კინოს სახლში გაიმართა. დარბაზი ხეობის ხალხს ვერ იტევდა. ყველამ თავისი სიტყვა და გულისტკივილი გამოთქვა და მეც იქ ვისარგებლე შემთხვევით და ხმამაღლა დარბაზს გავუმხილე ჩემი ღამეების ნაფიქრი, რომ ამქვეყნად ყველაფერი დროებითია და მეც ამ ხეობაში დროებით ვარ, მინდოდა, ისეთი რამ გამეკეთებინა  ქურთაში, რომ მის დანახვაზე გავხსენებოდი ამ ხალხს.

თუმცა აქ გავაჟღერებ პირველად, რომ მამაჩემი სოფელ ქურთაში დაიბადა და წარმოშობით მე ქურთიდან ვიყავი. ალბათ, ამ ყველაფერმაც გამიადვილა წვერიახოს გზაზე სიარული. მამა კი მცირეწლოვანი, დაობლებული, ბიძამ ცხინვალში გადმოიყვანა გასაზრდელად. აი ესეც მამოძრავებდა, რომ სოფელ ქურთაში ჩემი იდეითა და ინიციატივით აშენებულიყო დიდი, ლამაზი სახლი, სადაც იუსტიციის სამინისტროს ქვეშ არსებული ყველა უწყება ერთად ვიქნებოდით განთავსებული და მოახლოებულ ჭირსაც და ლხინსაც ერთად დავხვდებოდით ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში; სადაც ძირითადად ნოტარიუსთა ბიურო იმუშავებდა. იცით, რატომ – ნოტარიუსი? რომ არა ჩემი ყოფილი ნოტარიუსის მოთხოვნები, მე, ალბათ, ამას ვერ მოვიფიქრებდი. და  სიტყვის ბოლოს აღვნიშნე, რომ ერთი განყოფილება დაეთმობოდა მმაჩის ბიუროს, სადაც ბევრი ქართველი და ოსი ახალგაზრდა მოაწერს ხელს ოჯახის შექმნის მიზნით და კიდევ ბევრი ლამაზი შერეული ოჯახი შეიქმნებოდა. ასეთი გზებით მინდოდა იმ უფსკრულის ამოვსება, რაც ქართველებსა და ოსებს შორის გაჩნდა.

დარბაზი ფეხზე წამომიდგა და მქუხარე ტაშით მადლობა გადამიხადა. მადლობა  მათ!!!  იმასთან ერთად, რომ ხეობის ხალხი გმირი იყო, ამავე დროს, ისინი არიან სწორედ ჩემი იდეის მოწმეები!!!

დაახლოებით ორი თვის შემდეგ (2007 წლის ზაფხული) უკვე სტუმრად გვეწვია სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში, ქურთაში მაშინდელი საქართველოს იუსტიციის

მინისტრი ბატონი გია ქავთარაძე, სადაც შეხვედრა ბატონ დიმიტრი სანაკოევის ოთახში გაიმართა. ბატონ გიასთან ერთად შეხვედრას ესწრებოდა მისი მოადგილე,

ქალბატონი ნატო გაგნიძეც, ასევე, ის ნოტარიუსი, რომლის თხოვნამ თუ მოთხოვნებმა მე მაფიქრებინა იუსტიციის სახლის მშენებლობის იდეა (მადლობა ქალბატონ ნანული გუგუტიშვილს ამისათვის) და აღნიშნულ საკითხზე მაშინ გავამახვილეთ ყურადღება. ამ შეხვედრამ უკვე სუფრაზე გადაინაცვლა და დავცილდით იქ ერთმანეთს. მაგრამ მე ქართლელი ვარ და სტუმარმასპინძლობა ქართლში არ გვეშლება – მათ მანქანებს უკან გამოვყევი, ამავე დროს, დავურეკე მაშინ უკვე ცხონებულ შოთა ჩოჩიშვილს – ძიუდოს ოლიმპიურ ჩემპიონს, ჩემს საუკეთესო მეგობარს, და ვთხოვე – სტუმრები მყავს და იქნებ რესტორნის საკითხის მოგვარებაში დამეხმარო-მეთქი. რასაკვირველია, მისგან თანხმობა მივიღე. აი საქართველოს იუსტიციის მინისტრ გია ქავთარაძეს კი გორში წამოვეწიე დაკეტილ, არა მოქმედებაში მყოფ ქორწინების სახლთან, რომელსაც უტრიალებდა გარშემო. მაშინვე გადავრეკ-გადმოვრეკე, შენობა გავაღებინე. ჩვენ ყველა შევედით იქ და დავათვალიერეთ იქაურობა. მერე ბატონ გიას ვთხოვე – სუფრა მზად არის და წამობრძანდით-მეთქი , მაგრამ აი იქ უკვე ჩვენი გზები გაიყო  და სუფრაზე არ წამოვიდა. დღემდე ვფიქრობდი მიზეზს და დავასკვენ,ი რომ იმ შენობაშივე დაებადა ჩემი იდეის – „იუსტიციის სახლის“ – პლაგიატის აზრი!!!!!!!

მას მერე  თვალყურს ვადევნებ – როგორი აღიარება პოვა ჩემმა იდეამ, როგორ მოიწონა აშშ-მ და პრემიაც მიუღია. ეს  საქართველოს პრეზიდენტს აეროპორტშივე ახარეს, როგორც მან განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში. თუმცა იდეის ავტორს არ აცხადებდნენ. ამის შესახებ კი მე სულ რამდენიმე დღის წინ საინფორმაციო პორტალზე ამოვიკითხე და მკაცრი კომენტარებიც დავუტოვე. არადა, ხან ვისზე მქონდა ეჭვი, ხან – ვისზე. მაგრამ ამ კაცზე – გია ქავთარაძეზე – სულ ვერ წარმოვიდგენდი.

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პრეზიდენტ მ. სააკაშვილს ახლობლის ენით ვამცნე, რომ ეს ჩემი იდეა იყო, და კიდევ ის, რომ პრეზიდენტის პაპას უცხოვრია თურმე გორში იმ უბანში, სადაც მე 20 წელი ვიცხოვრე – „წყაროს უბანში“, ანუ ერთ ეზოში. სულ შემთხვევით წინასაარჩევნო კვლევებს ვატარებდი და წავაწყდი ადამიანს, რომელმაც მთელი ისტორია მიამბო პრეზიდენტის ბაბუის შესახებ. ვიფიქრე, მონოგრაფიასაც გავაკეთებ-მეთქი, მაგრამ ისიც ვიფიქრე, რომ მერე იმ მონოგრაფიის ავტორადაც სხვას დაასახელებდნენ და შევეშვი ამ საქმეს. თუმცა პრეზიდენტმა – გახსოვთ, წინასაარჩევნოდ ახალციხეში რაბათის ციხის გახსნისას და გორშიც სტუმრობისას განაცხადა, რომ პაპამისი თურმე გორელი ყოფილა. თუ ეს ამბავი მივიდა მის ყურამდე, იმან ვერ მიაღწია, რომ მე ვარ „იუსტიციის სახლის“ იდეის ავტორი???

მე არაფერს ვითხოვ, თუმცა ადვოკატთა ჯგუფს უკვე ველაპარაკე. მაგრამ მთელმა ქვეყანამ უნდა იცოდეს, რომ მე ვარ ამ იდეის ავტორი და არა  გია ქავთარაძე!!!! თუ ეყოფა მას ვაჟკაცობა და პირისპირ ხალხის თანდასწრებით მეტყვის, რომ ისაა ამ იდეის ავტორი, აფერუმ მის ვაჟკაცობას!

თითოეული იუსტიციის სახლი, რომელიც საქართველოში აშენდა და ბევრი უცხოელიც მოგვბაძავს მის მშენებლობაში, შვილივით მიყვარს.

მე ვეცდები, მსგავსი სახის სტატიები დავბეჭდო უცხო ქვეყნების პრესაში, რადგან აქ ნაწილობრივ ძველი ხელისუფლების  ცენზურის ქვეშაა ჯერ კიდევ.

ასე დაირღვა ჩემი საავტორო უფლება.

აი ბატონებო! რით განსხვავდება ძველი ხელისუფლება ახლებისაგან. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა  შრომა დაუფასა თანამებრძოლებს და ყველა გვერდში  დაიყენა. თქვენ კი კონფლიქტის ზონაში მომუშავე ქალის იდეის მითვისება შეძელით, ქალის,  რომელიც ხშირად დღეში ორჯერ დადიოდა იმ გზაზე, სადაც თქვენ, ძველო ჩინოვნიკებო, ერთის მეტად არ ყოფილხართ და შიშს გგვრიდათ იქით მიხედვა. დავდიოდი მარტო, მძღოლის გარეშე,  ვაოცებდი თვით იქ მდგომ რუსისა და ოსის შერეულ სამხედრო ჯარების პოსტს ჩემი გამბედაობით, იმისათვის, რომ ძველი მთავრობისათვის წარმატებები მომეტანა. მათ კი ამის საპასუხოდ 5-წლიანი უმუშევრობით დამსაჯეს და, ამასთან, იდეაც მომპარეს თავისუფლებისა და იდეის ქურდებმა!!!

პატივისცემით საინფორმაციო სააგენტო აქინფორმისთვის,

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ყოფილი იუსტიციის მინისტრი

მარინა კაჟაშვილი

28. 11. 2012