სამართალი
აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი დარღვევები საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნება

1-narmania-samartaliii3საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი დარღვევები, რომლებიც შეიცავს სამართალდარღვევების ნიშნებს, საგამოძიებო ორგანოებს უნდა გადაეგზავნოს. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა გუშინდელ ბრიფინგზე, სადაც დეტალურად იქნა განხილული გარეგანათებასთან დაკავშირებული პროექტებისა და ტენდერების საკითხი.

მინისტრის მოადგილე შოთა მურღულიამ ვრცლად ისაუბრა სამინისტროში შესული წერილობითი ინფორმაციებისა თუ აუდიტის სამსახურის მიერ მიმდინარე შემოწმებებზე და აღნიშნა მრავალი შეუსაბამო ფაქტი. კერძოდ, გამოიკვეთა ეჭვი, რომ ტენდერები ერგებოდა რომელიმე კერძო კომპანიის ინტერესებს, ან პროექტები არაკომპეტენტურად იყო შედგენილი.

დარღვევები გამოვლინდა თელავის გარეგანათებისა და რეაბილიტაციის, ავტობანის 53 კმ-დან 80 კმ-ს ჩათვლით განათებისა და სამონტაჟო სამუშაოების, და სვენეთი-რუისის გარეგანათების მიმდინარე პროექტებში. კერძოდ, არ არის გამჭვირვალე სატენდერო პირობები, ტენდერში მონაწილე კომპანიები (ხშირ შემთხვევაში მონაწილეობდა ერთი და იმარჯვებდა ერთი, როცა სხვა კომპანიებს არ ჰქონდათ ტენდერში მონაწილეობის უფლება, არადა მათ მიერ წარმოდგენილი იყო ორმაგად და სამმაგად ნაკლები ხარჯთაღრიცხვა).

ერთ-ერთი მშენებელი კომპანია „ოცდამეერთე პლუსის“ სამინისტროში წარდგენილი განცხადების შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ იქ წინადადება იყო ისე შედგენილი, რომ მორგებული შეიძლება ყოფილიყო ერთ კონკრეტულ კომპანიას. საუბარია „ენერჯი ინვესტ გრუპზე“, რომელმაც 2010 წელს გაიმარჯვა ტენდერში მონაწილე ექვსი კომპანიიდან – გაიმარჯვა ყველაზე მაღალი ფასის წარმომდგენმა კომპანიამ“, – აღნიშნა მურღულიამ. იყო უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ფაქტებიც, რის გამოც სამუშაოების ჩასატარებელი ახალი ხელშეკრულებები გაფორმდა და სახელმწიფოს მიერ თანხები ხელმეორედ იქნა გადახდილი.

ასეთი მრავალი ფაქტისა და წერილობითი განცხადების საფუძველზე აუდიტი მიდის დასკვნამდე, რომ ფინანსური დანაშაულის შემცველი ნიშნების პროექტების შესახებ მასალები უნდა გადაეცეს საგამოძიებო ორგანოებს.