საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. ქართული შეიარაღებული ფორმირება „ტყის ძმების“ ყოფილმა მეთაურმა დათო შენგელიამ გადაწყვიტა, სასამართლოს მიმართოს მისთვის უწინ გამოტანილი განაჩენის გასასაჩივრებლად. ამის შესახებ ინტერნეტრესურსი „ნაშა აბხაზია“ იტყობინება. ყოფილი მეომარი, რომელიც იარაღის უკანონო შენახვისა და სხვა დანაშაულებისთვის გაასამართლეს, მიიჩნევს, რომ ციხეში უსამართლოდ ჩასვეს.
შენგელიას თქმით, მან უკვე მიმართა სტრასბურგის სასამართლოს, სადაც მისი სარჩელი მიიღეს. „მინდა, საქართველოშიც გავასაჩივრო, – განმარტა მან, – ახლა კონსულტაციებს გავდივარ ჩემს ადვოკატთან“.ყოფილმა მეთაურმა ისიც დასძინა, რომ განზრახული აქვს, მატერიალური და მორალური ზარალის ანაზღაურება მოითხოვოს.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ რაზმი „ტყის ძმები“ 1990-იანი წლების ბოლოს შეიქმნა და მოქმედებდა აფხაზეთში, რომელმაც მანამდე საქართველოსგან გამოყოფის შესახებ განაცხადა. „ტყის ძმების“ განცხადებით, ისინი აფხაზეთის სასაზღვრო რაიონებში ქართველი მოსახლეობის უსაფრთხოებას იცავდნენ და, ამასთან, თავიანთი „შესაძლებლობების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად იბრძოდნენ“.
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ პარტიზანული რაზმი კანონგარეშე გამოცხადდა და „ტყის ძმებმა“ იარაღი დაყარეს. ცოტა მოგვიანებით შენგელიას იარაღის უკანონო შენახვისა და ნარკოტიკებით ვაჭრობისათვის 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2010 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იგი ვადამდე გაათავისუფლეს.