აქტუალური
ტელეკომპანია „მე-9 არხის“ თანამშრომელთა განცხადება

1-mecxre-aqtuaaa1საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ, 29 ნოემბერს, „მეცხრე არხის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ნათია ლაზაშვილმა 21:00 -საათიან გამოშვებაში წაიკითხა ტელეკომპანია „მე-9 არხის“ თანამშრომელთა განცხადება, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს მთელი დღის განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კახა ბექაურის წასვლასთან დაკავშირებით, არხის დატოვებას გეგმავს თანამშრომელთა ერთი ნაწილი, მათ შორის, საინფორმაციო სამსახურის უფროსი და წამყვანი სახეები. იმის გამო, რომ არხის რეორგანიზაციის პროცესი მხოლოდ დაიწყო და მას არ აქვს დასრულებული სახე, ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით, საბოლოო ჯამში როგორ დასრულდება გადაცემის პროცესი, როგორი იქნება სამეთვალყურეო საბჭო და ვის გადაეცემა ტელეკომპანია სამართავად. ვაცნობიერებთ რა ჩვენს პასუხისმგებლობას არა მარტო იმ ტელეკომპანიის მიმართ, რომელსაც 8 თვის განმავლობაში ერთად ვაშენებდით, არამედ, ზოგადად, ქართული მედიის მიმართაც, ასევე, ვითვალისწინებთ რა იმ ფაქტორს, რომ პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას განსახილველად წარუდგინა მისი ოჯახისგან „მე-9 არხის“ გამიჯვნის გეგმა, ჩვენ ამ ეტაპზე ვრჩებით არხზე და განვაგრძობთ მუშაობას იმ რწმენით, რომ „მე-9 არხზე“ შენარჩუნებული იქნება სარედაქციო დამოუკიდებლობა.
აქვე გვინდა, საჯაროდ მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ამ 8 თვის განმავლობაში არც ერთხელ არ ყოფილა არხის მფლობელის მხრიდან ჩვენს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა. ამიტომ ვიტოვებთ იმედს, რომ არც მომავალში იქნება ვინმეს მხრიდან ამის საშიშროება.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ჩვენთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც დღიდან დაარსებისა მუშაობს ამ არხზე, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჩვენი ჟურნალისტური პრინციპები და სარედაქციო დამოუკიდებლობა.
ველოდებით არხის რეორგანიზაციის პროცესს და ამ პროცესის მიხედვით მივიღებთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს.
აქვე გამოვხატავთ მზადყოფნას „მე-9 არხის“ მფლობელის სურვილის შემთხვევაში შევხვდეთ და პირადადაც გავაცნოთ ჩვენი პოზიცია“.

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „მე-9 არხის“ გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა, მის მოვალეობას ლუბა ელიაშვილი ასრულებს.

არხი დატოვა, ასევე, ტელეკომპანიის დირექტორის მოადგილე ვასილ მაღლაფერიძემ და „მე-9 არხის“ დილის გადაცემის მთელმა შემადგენლობამ, რომელიც მაყურებელს დღეს დილით დაემშვიდობა.