სამართალი
საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ იმერეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოსა და იმერეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად ზესტაფონის რაიონის გამგებელი და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძე დააკავეს.
მის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში. გეწაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის III ნაწილით, 118 -ე მუხლის III ნაწილითა და 187-ე მუხლის I ნაწილით წარედგინა. გამოძიება მას „ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის“, „ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა“ და „სხვისი ნივთის დაზიანების“ გამო ედავება.პროკურატურამ გამოაქვეყნა ის ჩვენებებიც, რომლებიც გეწაძის საქმეში დევს. ზესტაფონის გამგებელს და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს აღმკვეთი ღონისძიების სახეობას, სავარაუდოდ, დღეს შეუფარდებენ.
კახა გეწაძეს თავდებში უდგება ჭიდაობის ფედერაცია და ქართველი მოჭიდავეების საკმაოდ დიდი ნაწილი, რადგან, მათი რწმენით, ის გამოძიებას არ დაემალება, რაკი ერთი წლის განმავლობაში ამ საქმესთან დაკავშირებით ის გამოძიებასთან თანამშრომლობდა.