სამართალი
ლორთქიფანიძის დაკავებას „ნაცმოძრაობა“ ეხმაურება

1-lorTqi-samarTraliii3საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. კახეთის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე  დავით ლორთქიფანიძის დაკავებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ეხმაურება. პარტიაში აცხადებენ, რომ ეს პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა და მთავრობამ უკვე მისთვის არასასურველი პირების ოჯახის წევრების აყვანაც დაიწყო (დავით ლორთქიფანიძე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გია ლორთქიფანიძის, ძმაა, – საქინფორმი).

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დავით საყვარელიძე დავით ლორთქიფანიძის დაკავების ფაქტს „სამარცხვინოს“ უწოდებს. „შინაგან საქმეთა მინისტრი გამოდის და საუბრობს იმაზე, როგორ მოიმატა კრიმინალმა, თურმე როგორ არ ყოფილა პოლიციის ფუნქცია მთავარი კრიმინალისგან საზოგადოების და ქუჩაში ადამიანების დაცვა. ამის ფონზე დღეს შსს მაღალჩინოსნის გია ლორთქიფანიძის – რომელიც არის ვაჟკაცი, თავდადებული ადამიანი, ჩვენი მეგობარი, რომელმაც არაერთხელ დაადასტურა თავდადება ამ ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, რუსეთ-საქართველოს ომის დროს და ა.შ. – ძმასაც მიადგნენ. ხვალ სხვასაც მიადგებიან, ეს არის მათი მთავარი ღერძი“, – აცხადებს საყვარელიძე.

საპარლამენტო უმცირესობის წევრ გიორგი ღვინიაშვილის თქმით, „ამ ადამიანს მთელი კახეთი და შსს თანამშრომლები იცნობენ როგორც ერთ-ერთ წესიერ ადამიანს. ჩვენ ამ საქმეს ძალიან კარგად დავაკვირდებით. იმიტომ, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ემსახურება მის პოლიტიკური ნიშნით დევნას“.

შეგახსენებთ: კუდ-ის კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით ლორთქიფანიძე  გუშინ დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ლორთქიფანიძემ თავის ყოფილ უფროს ზურაბ ლალიაშვილთან ერთად სოფელ წინანდალში მცხოვრებ ალექსანდრე მეგუთნიშვილზე სხვადასხვა სახის ზეწოლა განახორციელა. ამჟამად ზურაბ ლალიაშვილი მიმალვაში იმყოფება.