საზოგადოება
ყოფილი დეპუტატი სააკაშვილს პარტიის წართმევით ემუქრება

1-partia-sazogadoeba2საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი მირიან მირიანაშვილი საქართველოს პრეზიდენტს სასამართლოში უჩივლებს, რადგან, მირიანაშვილის განცხადებით, სააკაშვილმა მას პარტია წაართვა.

ყოფილი დეპუტატის თქმით, 1999 წელს მან დააარსა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც 3 წლის განმავლობაში თავმჯდომარეობდა. 2002 წელს მას შეუერთდა 2001 წელს დაფუძნებული პოლიტიკური გაერთიანება „ნაციონალური მოძრაობა საქართველოს გადასარჩენად“ და ეწოდა სახელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

„ახალ თაობასთან“ ინტერვიუში მირიანაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილი, რომელიც ახლა თავს „ორგანიზატორად“ და „დამოუკიდებელ პერსონად“ წარმოადგენს, მაშინ „ერთ-ერთი პოლიტიკოსის შეგირდი“ იყო. „როცა ის თავის პარტიას ქმნიდა, მაშინაც არ იყო დამოუკიდებელი, ის მოიაზრებოდა, როგორც ზურაბ ჟვანიას უმცროსი პარტნიორი“, – იხსენებს მირიანაშვილი.

ყოფილი დეპუტატის თქმით, თავიდან სააკაშვილმა მას თანაშრომლობა შესთავაზა, ხოლო მოლაპარაკებებს ზურაბ ჟვანია აწარმოებდა, რომელიც სააკაშვილის პარტიას თავის სატელიტად მოიაზრებდა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი სააკაშვილმა, დეპუტატის თქმით, მისი და მისი მომხრეების  დევნა დაიწყო, რის გამოც მირიანაშვილი ემიგრაციაში წავიდა. დღეს ყოფილი დეპუტატი პარტიის დაბრუნებას სასამართლოს გზით აპირებს და იმ შემთხვევაში, თუ ეს მოახერხა, სააკაშვილს პარტიიდან გააძევებს.

„მოვითხოვ, რომ მოხდეს პარტიის ქონების დაყადაღება. ამ ქონებას შემდეგ სახელმწიფოს გადავცემ, პარტიას კი გავაუქმებ“, – აცხადებს პარტიის ყოფილი დამფუძნებელი მირიან მირიანაშვილი.