საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების განცხადებები, რომლებიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულების (გლდანის საპყრობილის) ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძესა და სხვა თანამშრომლებს ამხელენ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.
აღნიშნულ საქმესთან გაერთიანდა სერგო თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე 2011 წლის 24 სექტემბერს დაწყებული სს საქმე, რომელიც 2011 წლის 31 დეკემბერს, დანაშაულის არარსებობის მიზეზით, შეწყდა.
შეწყვეტილ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იყო შემდეგი: სერგო ალექსანდრეს ძე თეთრაძეს 2011 წლის 19 სექტემბერს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება და იმავე დღეს შესახლებულ იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულებაში. იმავე წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 22 საათზე, დაწესებულების პირველი სარეჟიმო კორპუსის 53-ე საკანში მარტოდ მყოფმა ბრალდებულმა სერგო თეთრაძემ თავი შეუძლოდ იგრძნო და ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ გამოძახებულ იქნა ექიმი. ექიმის საკანში მისვლის დროს სერგო თეთრაძე უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, რის გამოც იგი გადაყვანილ იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №18-ე დაწესებულებაში. მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებებისა, სერგო თეთრაძე მიყვანიდან უმოკლეს დროში, გონმოუსვლელად გარდაიცვალა.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სერგო თეთრაძის სიკვდილის უშუალო მიზეზია გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, განვითარებული გულის იშემიური დაავადება. თეთრაძეს სხეულზე აღენიშნებოდა ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები და ნახეთქი ჭრილობა.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გამოძიებამ მაშინ დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული დაზიანებები სერგო თეთრაძემ მიიღო დაკავებამდე, ანუ 2011 წლის 17 სექტემბრამდე, გაურკვეველ ვითარებაში.
აღნიშნულ დადგენილებაში მოცემული ფაქტები არის სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს.
2012 წლის 14 ნოემბერს მთავარმა პროკურატურამ გააუქმა დადგენილება საქმის შეწყვეტის შესახებ.
საქმეზე ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. დაკითხულ იქნა მრავალი მოწმე, სასჯელაღსრულების დეპარტემენტის №8 დაწესებულების ყოფილი და მოქმედი 7 თანამშრომლი.
დაკითხულია №8 დაწესებულების მორიგე ექიმი, რომელიც ადასტურებს, რომ პატიმარი თეთრაძე კომატოზურ მდგომარეობაში ნახა არა 53-ე საკანში, არამედ ე.წ. კარანტინის ნახევრადსარდაფულ საკანში.
მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ ბრალდებული – პატიმარი სერგო თეთრაძე გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე სად-ის №8 დაწესებულების ტერიტორიიდან, დაწესებულების შინაგანაწესის ნორმების უხეში დარღვევით უკანონოდ გაიყვანეს გლდანის საპყრობილის დირექტორის ალექსანდრე მუხაძის (ზედმეტსახელად „ქილერას“) მანქანით. მანქანაში იმყოფებოდა თავად მუხაძე.
ფაქტს ადასტურებენ თვითმხილველი მოწმეები. №8 დაწესებულების მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ პატიმარი თეთრაძე დაახლოებით 4-5 საათის შემდეგ, იმავე მანქანით, იმავე პირების მიერ შემოყვანილ იქნა ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ამავე მოწმეების ჩვენებით ირკვევა, რომ პატიმარი თეთრაძე მძიმედ გადმოვიდა მანქანიდან, იგი წელში იყო მოხრილი და სიარულიც უჭირდა.
საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა მოწმე ალექსი ტერაშვილმა უჩვენა, რომ მე-8 დაწესებულების სარეჟიმო სამსახურის უფროს ოლეგ ფაცაციას და იმავე დაწესებულების უსაფრთხოების უფროს ვიქტორ ყაჭეიშვილის სიტყვიერი ბრძანებით მან და პატიმარმა სისაურმა სერგო თეთრაძის მიმართ ერთად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა, სცემდნენ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით განახორციელეს ძალადობა, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, წამება, რის შემდეგაც პატიმარმა გონება დაკარგა და დაახლოებით ნახევარ საათში გონსმოუსვლელად გარდაიცვალა.
დადგინდა აგრეთვე, რომ დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის დაფარვას და კვალის განადგურებას. მათ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიცემული აქვთ ცრუ ჩვენებები, ხოლო საექსპერტო დასკვნა არასრული და ზედაპირულია.
ამ საქმეზე დაკავებულ იქნა დანაშაულის უშუალო აღმსრულებელი სისაური, პასუხისგებაში მიეცემა ალექსანდრე მუხაძე, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, ხოლო ვიქტორ ყაჭეიშვილი, ოლეგ ფაცაცია და ალექსი ტერაშვილი იმყოფებიან პატიმრობაში“.