პოლიტიკა
ივანიშვილი: „ჩვენ „ვაშინგტონ პოსტი“ არ გვეპატიჟება, ჩვენ გვეპატიჟება ამერიკის ხელისუფლება“

1-biZi-politikaa2საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. „Washington Post“-ში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ კრიტიკა იყო გამოთქმული, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ლობირების სისტემა მიხეილ სააკაშვილს და ძველ ხელისუფლებას კარგად აქვთ აწყობილი და ახლაც ამ მეთოდს იყენებენ, თუმცა ამბობს: „მე კიდევ გავერკვევი, როგორ მოახერხა და დაიბეჭდა ასეთი წერილი. ევროპაშიც დაიბეჭდა რაღაც გაურკვეველი წერილები და იქაც გვექნება რეაქცია. მაია ფანჯიკიძე ახლა ამერიკაშია და, ალბათ, მოხდება დაკავშირება. ჩვენ „ვაშინგტონ პოსტი“ არ გვეპატიჟება, არ გვაქვს ჩვენ ასეთი შეთანხმება – გვეპატიჟება ამერიკის ხელისუფლება“.

ამერიკულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიას აშშ-ში ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე შეხვედრებამდე გამოეხმაურა. მისი თქმით, ოფიციალურ შეხვედრებზე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, ამერიკის კონგრესისა და სენატის წარმომადგენელთა პალატაში საუბრის მთავარი თემა იქნება საქართველოს ნატოში ინტეგრაცია, რუსეთთან ურთიერთობა და ავღანეთი. ამასთან, ის ამერიკელ კოლეგებს არაობიექტური ინფორმაციების შემცველი სტატიების შესახებაც ესაუბრება: „მე ვფიქრობ, რომ ასეთი სტატია ბოლო დროს რამდენიმე გამოქვეყნდა, ამას, ალბათ, თავისი მიზეზი აქვს. ჩვენ ყველაფერ ამაზე ლაპარაკი გვექნება. მე ყველაფერს ავუხსნი ამერიკელ კოლეგებს და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გაგებით მოეკიდებიან ჩვენს ახსნა-განმარტებას“.

შეგახსენებთ, როგორც გუშინ იუწყებოდა საქინფორმი, სტატია „Washington Post“-ში გუშინ გამოქვეყნდა სათაურით „საქართველო მთავრობამ მცდარი გეზი აირჩია“.