სამართალი
ზუგდიდში კუდ-ის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს შენობიდან საბრძოლო მასალა ამოიღეს

1-roma-samarTalii2საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსის – კობა კირტაძის, განცხადებით, „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში მიღებული შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად ამოღებულ იქნა სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა“.

შსს-ის ცნობით, წინასწარ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს განყოფილების ყოფილმა უფროსმა რომა შამათავამ  სხვადასხვა დასახელების საბრძოლო მასალა შესანახავად მის  მოადგილეს სამსახურში მიუტანა და მიუთითა, რომ სარდაფში  შეენახა.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით და  სამართალდამცველების მიერ ოპერატიული ღონისძიებების გატარების შედეგად, ზუგდიდში მდებარე შსს კუდ-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს  შენობიდან ამოღებულია 4  ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი და 900 ცალი ტყვიის ვაზნა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღებიდან რეგისტრირებული არცერთი არ არის.

შსს-ის ინფორმაციით, რომა შამათავა ამ დროისათვის მიმალვაში იმყოფება. საქმეს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით იძიებს.