სამართალი
სააკაშვილი პოლიტიკურ დაპატიმრებებს მიუღებლად მიიჩნევს

1-saakaa-samarTali1საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიუღებლად მიიჩნევს დაპატიმრებების მეშვეობით პოლიტიკური საკითხების გადაჭრას. ამის შესახებ მან უკრაინაში ვიზიტისას, მრგვალი მაგიდის  მიმდინარეობისას, განაცხადა იმ ინფორმაციის კომენტირებისას, რომ  საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მისი უახლოესი თანამოაზრეების პასუხისგებაში მიცემას ლამობენ. ამასთან, მან დარწმუნებით განაცხადა, რომ მის თანაგუნდელებს მარტოოდენ პოლიტიკური მოტივებით ავიწროვებენ, რადგან საქართველოში ვერავინ იტყვის, რომ ეს ადამიანები სახელმწიფო სახსრებს საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესებას ახმარდნენ.

„მათ ყველას ერთი მუხლს უყენებენ – ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. მაგალითად, გენშტაბის უფროსს დევნიან იმის გამო, რომ ერთი წლის წინ იგი ყურში სწვდა ერთ ჯარისკაცს და დანარჩენები წელზევით შიშველი არბენინა ყაზარმის გარშემო. მე უკრაინაში ვმსახურობდი და იმავე მდგომარეობაში 10 კილომეტრს დავრბოდი, თუმცა არცერთი ჩემი მეთაური ამისათვის ციხეში არ ჩამჯდარა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ორშაბათს დაჰკითხეს საგადასახადო სამსახურის უფროსი, რომელმაც „რეფორმა პრაქტიკულად ნულიდან ჩაატარა და რომელსაც დიდხანს უსაფრდებოდნენ, რომ როგორმე დაეჭირათ“. ასევე, დაჰკითხეს სააკაშვილის ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრე – შს ექსმინისტრი.

„თუ ვინმეს მიაჩნია, რომ პოლიტიკური საკითხები დაპატიმრებების მეშვეობით უნდა გადაწყდეს, მე ასე არ ვფიქრობ. იქნებ მთელი ოპოზიცია ციხეში ჩასვან? ის ხომ, როგორც ოპოზიცია, არსებობას მაინც არ შეწყვეტს?“, – განაცხადა მან.

კითხვაზე, გამოიყენებს თუ არა იგი თავის უფლებას მთავრობის გადასაყენებლად, სააკაშვილმა მიუგო: „არა მგონია, რომ ახლა ასეთი რყევების განხორციელების უფლება მქონდეს, ანდა ეს მიზანშეწონილი იქნებოდა. ეს პროცესი ჩვენ საზოგადოებას გადავაბარეთ, ამიტომ დაე, საზოგადოებამ გადაწყვიტოს“.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდგომი და აქამდე არსებული სიტუაცია საქართველოში არ ჰგავს იმას, რაც უკრაინაში „ნარინჯისფერი რევოლუციის“ მომენტიდან დღემდე მოხდა.