აქტუალური
შალვა ოგბაიძე ვანო მერაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

1-ogbaiZe-aqtuaa3საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, განცხადებას  გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია. პარტიის წევრები აღშფოთებული არიან იმის გამო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ახერხებს დასავლეთის პარტნიორებზე ზეგავლენის მოხდენას და ახალ ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს.

პარტიის მთავარი საბჭოს წარმომადგენელ შალვა ოგბაიძის განცხადებით, საქართველოს საპყრობილეებში დღემდე რჩება 2011 წლის 26 მაისს უკანონოდ დაპატიმრებული 44 ადამიანი,  და რამდენიმე ათეული პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ჩვენი თანამოქალაქე და როგორც უნდა ეცადოს „ნაციონალური მოძრაობა“, რომ პოლიტპატიმრების სიაში რაიმე ხარვეზი აღმოაჩინოს, თავად ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტი განიხილავს ქვეყანაში არსებულ უკლებლივ ყველა უფლებადამცველ ორგანიზაციასა და ცალკეულ ადვოკატებთან ერთად ამ საკითხს, უკვე ადასტურებს საქართველოში პოლიტიკური პატიმრების რეალურ არსებობას: „ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც ძალზე ძნელად იღებენ  გადაწყვეტილებას ადამიანებისათვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების თაობაზე, წლების განმავლობაში პოლიტიკურ თავშესაფარს სწორედ ნაციონალური ხელისუფლების პერიოდში სამშობლოდან გაქცეულ ათობით საქართველოს მოქალაქეს აძლევდა“.

შალვა ოგბაიძის თქმით, „ბოლო წლების განმავლობაში რეჟიმის ციხეები, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდებოდა გუანტანამოს ცნობილ საპყრობილეს და ამის დამადასტურებელმა კადრებმა შეძრა ცივილიზებული მსოფლიო, გამოიარა ათასობით უდანაშაულო ადამიანმა“. მან ფართოდ ისაუბრა ორგანიზაციის წევრებისა და მხარდამჭერების დევნაზე ნაცხელისუფალთა მხრიდან და აღნიშნა, რომ ყოველივე ამის შემდეგ როგორ შეიძლება მერაბიშვილმა მსგავსი უტიფარი რამ განაცხადოს.

ამასთან, იგი იმედს იტოვებს, რომ ახალი ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყანაში სამართლიანობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესს, რაც შეიძლება მალე იქნეს გამოძიებული ყოფილი ხელისუფლების მიერ ჩადენილი ყველა კონკრეტული დანაშაული.