მანამდე სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა მათი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეს, სამინისტროს წარმომადგენლებმა კი მათ 200 ლარის ოდენობის ბინის ქირის გადახდა შესთავაზეს, რაზეც აქციის მონაწილენი არ დათანხმდნენ. წუხანდელი ღამე სოციალურად დაუცველმა 32 ოჯახმა შვეიცარიის საელჩოსთან გაათია თავშესაფრისა და საქართველოს ხელისუფლებასთან შუამავლობის გაწევის მოთხოვნით.
სოციალურად დაუცველი პირები მათი თავშესაფრის არარსებობაში უწინდელ ხელისუფლებას ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ამის გამო პასუხი უნდა აგონ დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ.
სოციალურად დაუცველთა განცხადებით, რაკიღა ხელისუფლება მათ მიმართ ყურადღებას არ იჩენს, ისინი იძულებული არიან, უარი განაცხადონ საქართველოს მოქალაქეობაზე და თავშესაფარი უცხო ქვეყანაში ითხოვონ. მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი რადიკალური ქმედებებით იმუქრებიან.
შეგახსენებთ, რომ სოციალურად დაუცველი პირები რკინიგზის საავადმყოფოში დაახლოებით ერთი თვის წინ შეიჭრნენ.