საზოგადოება
გორელებს სტალინის ძეგლის დაბრუნება სურთ

1-stalini-sazogadoebaa1საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობაზე დაყრდნობით უკვე იტყობინებოდა, ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში 2011 წელს დემონტირებული სტალინის ძეგლი აღადგინეს და უახლოეს ხანებში მისი გახსნა იგეგმება.

ამავე დროს, ცნობილი შეიქნა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქალაქ გორის მცხოვრებთა ერთმა ნაწილმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო ქალაქის ცენტრში სტალინის ძეგლის დაბრუნების მოთხოვნით. საბჭოთა ბელადის ძეგლი აქ, როგორც ცნობილია, 1950-იანი წლების დასაწყისში დაიდგა, მისი დემონტაჟი კი 2010 წელს განხორციელდა. ადგილობრივი ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას მაშინ მხარი დაუჭირა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც სტალინი რესპუბლიკის ოკუპაციაში დაადანაშაულა – სააკაშვილი და მისი გუნდი „ოკუპაციად“ ნათლავდა სსრკ-ის შემადგენლობაში საქართველოს ყოფნის პერიოდს. იმჟამად ქალაქის ხელმძღვანელობა გორელებს შეჰპირდა, რომ ძეგლს სტალინის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე გადაიტანდა, თუმცა, დაპირება არ შეასრულა. მოგვიანებით სტალინის ძეგლი გორიდან რამდენიმე კილომეტრში ძველი შენობის ნანგრევებში პირქვე დაგდებული აღმოაჩინეს.

იმხანად გორის ცენტრალურ მოედანზე, სტალინის ძეგლის ადგილას, საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომისა და სტალინის რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალის დადგმა იგეგმებოდა, რაც გორელებს მაინცდამაინც ჭკუაში არ დასჯდომიათ, თუმცა, უცნობი მიზეზებით, ადგილობრივ ხელმძღვანელობას არც ეს მოუმოქმედებია.

2012 წლის ოქტომბერში გორში 5 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა ცენტრალურ მოედანზე სტალინის ძეგლის დასაბრუნებლად. ამასთან, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ირწმუნებიან – „გორის მცხოვრებთაგან ან მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისგან არავითარი მოთხოვნა არ მიგვიღია. ამ საკითხზე ჩვენამდე არ მოსულა რაიმე დოკუმენტი ანდა თხოვნა“.