საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ კორპუსში ცვლილებების განხორციელებაზე საუბრობს.
გიორგი ვოლსკის თქმით, არსებობს საკვანძო ქვეყნები ევროპაში და საერთაშორისო ორგანიზაციები, სადაც ელჩები უნდა შეიცვალონ, რადგან, საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, დიპლომატები უნდა ემსახურონ ქვეყანას და არა პოლიტიკურ ჯგუფს.„ჩვენთან მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ამის საწინააღმდეგო პრაქტიკა დაინერგა და ელჩები პოლიტიკური ნიშნით მოქმედებენ და ცუდ ინფორმაციას ავრცელებენ. პოლიტიკური ნიშნით გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკა უნდა შეიცვალოს“.
ამ თვალსაზრისით ვოლსკი სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას ეთანხმება.
შეგახსენებთ, რომ საქინფორმი უკვე იუწყებოდა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის – სალომე ზურაბიშვილის – მოსაზრებას ელჩების აუცილებელი ცვლილების შესახებ.
„ცვლილებები გეგმაზომიერად განხორციელდება და ეს არ იქნება გაყრის, გაგდების, ადამიანის დამამცირებელ მდგომარეობაში ჩაყენების პოლიტიკა. ერთიანი გაყრა და დიპლომატიური სამსახურის დაშლა არ უნდა მოხდეს. ვფიქრობ, ჩვენს მოსაზრებას საგარეო საქმეთა სამინისტროც იზიარებს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
მეტ-ნაკლებად ოდიოზური დიპლომატების (საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში გიორგი ბადრიძე, საქართველოს კონსული საბერძნეთში ნუკრი გოგიტიძე და სხვ.), მათ შორის, „ნაცმოძრაობის“ ცნობილი აპოლოგეტის – სოსო ცინცაძის, დიპლომატიური აკადემიის კურსდამთავრებულთა, აუცილებელ ცვლილებაზე საქინფორმს არაერთხელ განუცხადებია, მათ შორის, გუშინ სააგენტოს მთავარი რედაქტორის –არნო ხიდირბეგიშვილის პუბლიკაციაში „საქართველო – დერეფანია, სადაც იგულავებენ ამერიკაც და რუსეთიც!“