სამართალი
პრემიერ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება განახლდა

1-zuraZvania-samarTaa2საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ, 27 ნოემბერს, პროკურატურაში რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ ზურაბ ჟვანიას ძმამ, გიორგი (გოგლა) ჟვანიამ, დეპუტატმა კოალიცია „ქართული ოცნებიდან“, განაცხადა, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაახლა ქვეყნის ყოფილი პრემიერის – ზურაბ ჟვანიას, გარდაცვალების გამოძიება, თუმცა, დეტალებზე საუბარი მას ჯერ არ შეუძლია. გიორგი ჟვანია , ასევე, არ აკონკრეტებს, თუ რა მასალებს ფლობს გამოძიება და ვისი დაკითხვა იგეგმება ამ საქმესთან დაკავშირებით.

საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ახალმა ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ განზრახული აქვს რიგი ხმაურიანი საქმეების, მათ შორის, პრემიერ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გამოძიების განახლება. ამის შესახებ თავად მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.

ამასთან, ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ გამოძიებასთან დაკავშირებით პროკურატურა შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილისა, და პრეზიდენტ სააკაშვილის დაკითხვასაც გეგმავს.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: ზურაბ ჟვანია, რომელმაც პრემიერის პოსტი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაიკავა, 2005 წლის დასაწყისში გარდაიცვალა. მისი გვამი ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე რაულ იუსუფოვის გვამთან ერთად, როგორც გამოცხადებული იყო, კონფიდენციალური შეხვედრებისთვის ნაქირავებ ბინაში აღმოაჩინეს. ოფიციალური ვერსიით, ჟვანია და იუსუფოვი გაფუჭებული გამათბობელიდან გაზის გაჟონვის შედეგად მხუთავი აირით დაიღუპნენ, რაც „FBI“-ის ექსპერტიზამაც დაადასტურა. თავის ხმრივ, ოპოზიცია აცხადებდა, რომ საქმე ეხებოდა მკვლელობას, რომელთანაც ხელი ჰქონდა სააკაშვილს.

გარდაცვლილის ძმა ირწმუნებოდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა სიკვდილის „ინსცენირება“ მოაწყვეს, რათა უბედურ შემთხვევას დამსგავსებოდა. ამასთან, გოგლა ჟვანიას ამასწინანდელი განცხადებით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ინსცენირებაში მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით შს მაშინდელი ხელმძღვანელი ვანო მერაბიშვილი, გენპროკურორი ზურაბ ადეიშვილი და სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე მონაწილეობდნენ.