საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. „გურია ნიუსი“ ალექსანდრე ნეველის ტაძარში მოკლული კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომლის – სოსო ჩიქობავას, სიცოცხლის ბოლო დღეების მასალებს აქვეყნებს. სააგენტოს ინფორმაციით, მაშინვე, როგორც კი მომხდარი ფაქტის შესახებ შეიტყვეს, დაუკავშირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ნინო გიორგობიანს და აცნობეს, რომ მოკლული სოსო ჩიქობავა იყო „გურია ნიუსის“ რესპონდენტი და ის თანამშრომლობდა სააგენტოსთან. მასვე განუცხადეს, რომ სოსო ჩიქობავა ინტერვიუებს აძლევდა საკმაოდ მნიშვნელოვან თემებზე და თუკი მათ ჰქონდათ რაიმე ვერსია ამ მიმართულებით, მზად იყვნენ, მიეწოდებინათ მათ ხელთ არსებული ყველა მასალა.
ვინაიდან ამ წუთამდე არავინ დაინტერესებულა მათი სატელეფონო შეტყობინებით, სააგენტო თვლის, რომ აქვს ჟურნალისტური და მოქალაქეობრივი ვალდებულება (ასევე, ვალდებულებას გრძნობენ სოსო ჩიქობავას ხსოვნის წინაშე), საზოგადოებას მიაწოდონ მათ ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია.სოსო ჩიქობავას ბოლო დროს ჰქონდა გარკვეული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ მისი პერსონით დაინტერესებული იყვნენ.
„ქრონოლოგიურად გთავაზობთ მის მიმოწერებს:
ორშაბათი. 19 ნოემბერი. 09:54 საათი. სოსო ჩიქობავა: "რაღაც უცნაურობები მხვდება ჩემს ფეისბუკზე. გაგზავნილ-გამოგზავნილები მაქვს რაღაცეები. უცნობი მეგობრის (ყველას რომ ამატებ იმ პონტის მეგობარი) პასუხი მაქვს შეტყობინებებში კითხვაზე, რომელიც არ დამისვია მისთვის ???????????????????????????????? ასეთი რამე გქონია? პაროლი უნდა გამოვცვალო ზნაჩიტ.“
ორშაბათი. 23:08 საათი. სოსო ჩიქობავა: "ვიხსენი ჩემი პროფილი. ახლა 12-სიმბოლოიანი პაროლი მაქვს...“
ხუთშაბათი. 11:06 საათი. სოსო ჩიქობავა: "ფეისბუკზე ჩემი კლონი გაჩითულა. იგივე სურათი უდევს, რაც მე ახლა მაქვს და სახელი გვარი და ჩემი მეორე სახელიც ზუსტად ისე უწერია, როგორც მე მაქვს. არაფერს არ აქვეყნებს და არ წერს არავის ჩემს ნაცნობებს, მეგობრებიშიც სულ 23 კაცი ყოლია. ვერ ვხვდები, რაში ჭირდება ვიღაცას ეს ყველაფერი".
ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც სოსო ჩიქობავასგან მივიღეთ, გახლდათ იმ ვიდეოფაილის დეტალების აღწერა, რაც მას გააჩნდა. მოწერილ წერილში ის იტყობინებოდა, რომ გარკვეული მიზეზების გამო, ჯერჯერობით, თავს იკავებდა ამ მასალის გამოქვეყნებისგან.
_ მაქვს ერთი ჩანაწერი, თუ გადავწყვიტე ამის გამოქვეყნება, თქვენ გადმოგცემთ, _ გვწერდა სოსო ჩიქობავა.
მან ამ ვიდეოჩანაწერის გადმოცემა ვერ მოასწრო. თუმცა, ვორდის ფაილით გამოგზავნილ წერილში, სახელწოდებით 123.docx დეტალურად აღწერა ამ ვიდეოჩანაწერის შინაარსი.
"ფაილს გამოვუშვებ ვიდეოფაილის აღწერაა", _ ეს მონაწერიც მას ეკუთვნის.
წერილს, რომლის ვიდეოვერსიის გადმოცემა სოსო ჩიქობავამ ვერ მოასწრო, "გურია ნიუსი“ სტილის სრული დაცვით გთავაზობთ.
სოსო ჩიქობავა: "ვიდეო ფაილზე ჩაწერილია საუბარი კონტროლის პალატის თავმჯდომარის აპარატის უფროსთან და ლევან ბეჟაშვილის უახლოეს მეგობარ გიორგი ბოტკოველთან (ამ არჩევნებში იყო ნაცმოძრაობის შტაბის ხელმძღვანელი კახეთის მხარეში).
ამ ვიდეს ჩაწერამდე 10 დღით ადრე გამომიძახა გიორგი ბოტკოველმა და გადმომცა ლევან ბეჟაშვილის დანაბარები იმის თაობაზე, რომ მე 700 აშშ დოლარი გადამეხადა იმ ადამიანისთვის, ვისი ვალიც, მისი თქმით ჰქონდა ჩემს სიდედრს, რომელიც უკვე 3 წელი იყო თვალითაც არ მენახა.
როგორც გიორგი ბოტკოველმა განმიცხადა, ლევან ბეჟაშვილს ამის თაობაზე თხოვა ბეჟაშვილის და მისი მეუღლის ესმა არღვლიანის მეგობარმა თამარ ყაჯრიშვილმა, რომელიც წლების განმავლობაში პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიშა მაჭავარიანის თანაშემწეა. თამარ ყაჯრიშვილის განმარტებით, მისი დედის _ მზია ბუკიას ვალი ჰქონია ჩემს სიდედრს.
მე თავიდანვე განვაცხადე, რომ სიდედრთან წლებია არ მქონია არანაირი კომუნიკაცია და საერთოდ ეს ჩემი საქმე არ იყო ვის, ვისი ვალი ჰქონდა. რამოდენიმე დღის მერე კვლავ დამიძახა ბოტკოველმა და გადმომცა ლევან ბეჟაშვილის დანაბარები: საერთოდ არ მაინტერესებს ეხება თუ არა ეს ვალი, როგორც უნდა ისე იშოვოს და გადაიხადოს, თუ არა და მერე თავის თავს დააბრალოსო“.
ამის შემდეგ გადავწყვიტე მეთამაშა შეშინებულის როლი და ჩამეწერა გამოძალვის მთელი პროცესი. სამწუხაროდ თამარ ყაჯრიშვილი ვერ დავითანხმე შეხვედრაზე და მხოლოდ ბოტკოველთან შეხვედრის ჩაწერაღა მოვახერხე.
რაც შეეხება თავად ვიდეოს, ის ჩაწერილია ბოტკოველის კაბინეტში. საუბრისას ლაპარაკი მიდის იმაზე, რომ ჩემს ცოლის დას მეილი გაუგზავნია თამარ ყაჯრიშვილისთვის და მოუთხოვია ჩემთვის, როგორც ამ საქმესთან არანაირი კავშირის არ მქონესთვის თავი დაენებებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ამბავს წერილობით მისწერდა პარლამენტის ყველა დეპუტატს. ამის შემდგომ თამარ ყაჯრიშვილმა წერილი აჩვენა ხათუნა გოგორიშვილს, რომელმაც დაურეკა გიორგი ბოტკოველს და მოსთხოვა გაერკვია ჩემი ვინაობა და რაიმე ზემოქმედება მოეხდინა ჩემზე. ამ ყველაფერს მე ბოტკოველი მეუბნება და დაფიქსირებულია ვიდეო ფაილში.
ვიდეოში ბოტკოველი ახსენებს ლევან ბეჟაშვილს, რომ მან უკვე მოიკითხა ჩემი ამბავი და ვიდრე კიდევ უფრო გაფუჭდება ჩემი სიტუაცია დროზე გადამეხადა თანხა.
ვიდეოში ბოტკოველს ვაჩვენე თანხა 400 აშშ დოლარი, რომელიც თამარ ყაჯრიშვილის დედისთვის უნდა მიმეცა, რის შემდეგაც შეხვედრა დასრულდა.
რაც შეეხება თანხის წარმომავლობას, ეს თანხა მე გადმომცა თბილისში რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის სქიიღუმენია ელისაბედმა (ორლოვა). მან როცა ჩემი მეუღლისგან შეიტყო, რომ ვაპირებდი ფიზიკურად გავსწორებოდი ბეჟაშვილს და ბოტკოველს, დამიბარა და თანხა საჩუქრად გადმომცა და მთხოვა იმ არაკაცების სურვილი შემესრულებინა და დააყოლა, რომ ღმერთზე უფრო დიდი მსაჯული არ არსებობს და და სამართალიც აღსრულდებაო", _ გვწერდა სოსო ჩიქობავა.
რადგან ჩიქობავამ ჩვენთვის აღნიშნული ვიდეომასალის გადმოცემა ვერ მოასწრო, იქნებ, სამართალდამცავები დაინტერესდნენ ამ ვიდეომასალით და მოიძიონ იგი“, – წერს სააგენტო.