აქტუალური
საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. „ინტერ რაომ“ საქართველოში „თელასის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დევი კანდელაკი წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანია „თელასის“ ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
დღემდე დევი კანდელაკი „ინტერ რაოს“ აქტივების მფლობელ კომპანიებს („მტკვარი ენერგეტიკა“, „ხრამჰესი-1“ და „ხრამჰესი-2“) ხელმძღვანელობდა.ენერგოსადისტრიბუციო კომპანიაში ამგვარი ცვლილებები მეტწილად კომპანიის ყოფილ თანამშრომელთა გაფიცვამაც გამოიწვია. ამ საკითხზე და ტარიფის შემცირებაზე საუბარი შედგება მუშა შეხვედრაზე „ინტერ რაოს“ წარმომადგენლებთან, რომელთა ჩამოსვლაც 29 ნოემბერს იგეგმება.
როგორც ენერგეტიკის სამინისტროში განმარტავენ, დენის ტარიფის შესამცირებლად ორივე მხარე უკვე მზად არის. შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ექსპერტთა გათვლებით შემცირება 4 თეთრამდეა შესაძლებელი.
ცნობისათვის: „თელასი“ 2003 წლის აგვისტოში კომპანია „ინტერ რაო ეეს“-ის შემადგენლობაში შევიდა. დღეს „ინტერ რაო ეეს“ ელექტროენერგიის ქართული გამანაწილებლის აქციათა 75%-ს ფლობს, 25% კი სახელმწიფოს საკუთრებაა.