სამართალი
კობა ბექაური: „ადეიშვილმა მითხრა – დაგიჭერ და გაგანადგურებო!“

1-beqaur-samarTaaa3საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. დღეს „მაესტროს“ დილის გადაცემის (შალვა რამიშვილის გადაცემა „დილა“) სტუმარი იყო ყოფილი პარლამენტარი კობა ბექაური, რომელმაც წამყვანთან საუბარში ბევრი სკანდალური რამ გააჟღერა. „ისე წამოვედი პარლამენტიდან, განცხადებაც არ მაქვს დაწერილი, როგორ მომიხსნეს უფლებამოსილება, ეგეც არ ვიცი“, – აცხადებს იგი და შერიგების ნაბიჯს დგამს და სინდისის ქენჯნის ტვირთს იხსნის შალვა რამიშვილის წინაშე.

ის აცხადებს, რომ 2005 წელს სწორედ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და ზურაბ ადეიშვილისგან იყო დავალება, რომ ტელეკომპანია „202“-ის დამფუძნებელ შალვა რამიშვილისა და ამავე კომპანიის გენერალური დირექტორის – დავით კოხრეიძისთვის, თანხა შეეთავაზებინა, რის სანაცვლოდაც „202“-ს უარი უნდა ეთქვა დეპუტატის შესახებ სტუდია „რეპორტიორის“ მიერ მომზადებული მაკომპრომეტირებელი ფილმის გაშვებაზე.

ბექაურის თქმით, რამიშვილთან ერთად ისიც გაწირეს და მის მიერ დასახელებულ პირთა შორის  ვანო მერაბიშვილსაც სდებს ბრალს. მისი თქმით, საქმე ისე უნდა მოგვარებულიყო, როგორიც იუო მათი ჩანაფიქრი. „დათა ახალაიას კაბინეტში იჯდა ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, როცა იყო საუბარი, რომ ფული შემომეთავაზებინა შენთვის. ამის შემდეგ შენ დაკავავებდნენ. ერთი პერიოდი წინააღმდეგობა გავუწიე, ვუთხარი, იქნებ ჩემგან არ გამოვიდეს ეს და მე არ მივცე, სადაც ადეიშვილმა მითხრა – დაგიჭერ და გაგანადგურებო! – ამბობს ბექაური და დასძენს, – მინდა, პასუხისმგებლობა და რაღაც ის ტვირთი მოვიხსნა და შერიგებისთვისაც გადმოვდგი ნაბიჯი, რომ რეალურად მეთქვა შენთვის, რა იყო სინამდვილეში“.

შეგახსენებთ: ტელეკომპანია „202“-ის დამფუძნებლები 2005 წლის აგვისტოში დააპატიმრეს. მათ დეპუტატ კობა ბექაურისგან 100 ათასი დოლარის გამოძალვაში დასდეს ბრალი. რამიშვილისა და კოხრეიძის დაკავება ფარული ვიდეოკამერით გადაღებულ იმ ვიდეომასალაზე დაყრდნობით განხორციელდა, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს თავად ბექაურმა მიაწოდა.