საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. ინტერნეტგამოცემა tspress.ge-ს მიერ გავრცელებული ცნობით, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ფრანგულ გამოცემა „ლე ფიგაროსთან“ საუბარს უარყოფს და აცხადებს, რომ გამოცემის მიერ მოყვანილი მისი ფრაზა სააგენტო „საქინფორმისთვის“ მიცემული ინტერვიუს კონტექსტიდანაა ამოღებული და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელთა მხრიდან არასწორად ინტერპრეტირებული.
„ევროპულ ქვეყნებში ყველა მოქალაქე თანასწორია. ჩვენთვის ძნელია ამის მიღება, რადგან ეს ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ ეთიკას“, – ეს სიტყვები მოყვანილია სტატიაში, რომელიც „ლე ფიგარომ“ ა.წ. 24 ნოემბერს გამოაქვეყნა და სადაც ის საქართველოს ახალ ხელისუფლებას აკრიტიკებს.თავის მხრივ, მანანა კობახიძე აცხადებს, რომ მას „ფიგაროსთვის“ ინტერვიუ 2 წელია, არ მიუცია და მისი ეს ფრაზა სააგენტო „საქინფორმისთვის“ მიცემული ინტერვიუს კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი. მის მიერ „საქინფორმისათვის“ 2011 წლის ივლისში მიცემული ინტერვიუს საკამათო ფრაზა კი ასეთია: „შეიძლება სულაც არ იყოს მართლმადიდებელი, მაგრა საყოველთაოდ აღიარებული უზნეობა მისთვისაც მიუღებელი იყოს. ევროპულ ქვეყნებში ყველას საზოგადოების ჩვეულებრივ თანასწორ წევრად თვლიან. ჩვენთვის ამის მიღება ძნელია, რადგან ის მართლმადიდებლურ მორალთან წინააღმდეგობაში მოდის. არის კატეგორიაც, რომელიც უცხოეთში ასეთი მოტივით თავშესაფარს ითხოვს“.
„ეს იყო არასწორი ინტერპეტაცია და არასწორი თარგმანი, რომელიც მაშინ აქედან გაიტანეს მაშინდელი უმრავლესობის წევრებმა“, – აცხადებს კობახიძე და დასძენს, რომ მას, როგორც ადვოკატს, ბევრჯერ დაუცავს უმცირესობების და, მათ შორის, სექსუალური უმცირესობების უფლებები მაშინ, როცა მაშინდელი უმრავლესობა მათ უფლებებს არღვევდა, უვარდებოდა ოფისებში და სცემდა სწორედ იმიტომ, რომ სექსუალურ უმცირესობას წარმოადგენდნენ.