აქტუალური
რუსთავში მძღოლების გაფიცვა გრძელდება

1-mZRolebi-aqtuaa1საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. მეორე დღეა, რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების გაფიცვა გრძელდება. ყვითელი ავტობუსების მძღოლები ხელფასების ზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, სათადარიგო ნაწილებით მომარაგებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას მოითხოვენ. უკვე ჩამოყალიბებულ 9-პუნქტიან მოთხოვნას მათ  კიდევ ერთი დაუმატეს და რუსთავის მუნიციპალური სამსახურის უფროსის – მამუკა მუმლაძის, თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ. მძღოლები გუშინ შეხვდნენ რუსთავის მერიის წარმომადგენლებს, თუმცა მათთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე – ხელფასების ზრდის თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

თავის მხრივ, მუმლაძე აცხადებს, რომ ხელფასებთან დაკავშირებით საუბარი შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა რუსთავის 2013 წლის ბიუჯეტის პარამეტრები დამტკიცდება, მისი გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება კი მხოლოდ თვითმმართველობას შეუძლია.

მძღოლები მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ. დღეს, 18:00 საათზე, კი რუსთავის ვიცე-მერ დავით ჯაფარიძესთან მათი მორიგი შეხვედრა გაიმართება.