სამართალი
„იმედია, ვანო ჩხარტიშვილს პოლიტიკური დევნილის სტატუსს საქართველოც დაუდასტურებს“

1-Cxartt-samarTaaali1საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის პრესმდივანი გიორგი გიორგაძე საქინფორმისთვის გამოგზავნილ განცხადებაში აღნიშნავს,  რაკი ვანო ჩხარტიშვილს დიდმა ბრიტანეთმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა, იმედია, პოლიტიკური დევნილის სტატუსს საქართველოც დაუდასტურებს.

„ჩხარტიშვილი პოლიტიკური ნიშნით დევნილია. ამის თაობაზე ჩვენს საჯარო განცხადებებში არაერთხელ აღინიშნა. ვფიქრობთ, სამართლიანი იქნება, თუკი იმას, რაც 2010 წლის ოქტომბერში დიდი ბრიტანეთის იმიგრაციისა და თავშესაფრის პალატამ  დაადასტურა და ვანო ჩხარტიშვილს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა, ასევე ოფიციალურად და იურიდიულ დონეზე  ქართული სახელმწიფოც ცნობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ვანო ჩხარტიშვილი საქართველოდან იძულებით ემიგრაციაში 2010 წლის ივნისში წავიდა. განცხადების მიხედვით, ქართველი საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი ძალადობისა და არაადამიანური ზეწოლის იმ ფაქტების შესახებ, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ ახორციელებდა.

ვანო ჩხარტიშვილის პრესსამდივნო საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხთა შემსწავლელი კომისიის სამუშაო ჯგუფში დღეს წარადგენს ოფიციალურ თხოვნას ვანო ჩხარტიშვილის პოლიტიკურ დევნილად ცნობის თაობაზე.