რკინიგზა რუსეთი-აფხაზეთი-საქართველო-სომხეთი: ერევანთან დაახლოება და ბაქოსთან გამწვავება? „სომხური საფრთხეები“ ბიძინა ივანიშვილისთვის. თბილისი-მოსკოვი-USA-NATO: დარეგულირების რეალობა და საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა. საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის 2012 წლის 23 ნოემბრის საინფორმაციო სააგენტო Vesti.Az-თვის ექსკლუზიური ინტერვიუს მიხედვით.
გამიდ გამიდოვი: ბატონო არნო, როგორც ჩანს, ივანიშვილის მომხრეთა გამარჯვება თავად საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილისთვისაც არ იყო მოულოდნელი. გვითხარით, რა შეიცვალა ქვეყანაში მას შემდეგ, რაც პარლამენტში უმრავლესობა ივანიშვილის მომხრეებმა მოიპოვეს? იგრძნობა რაიმე სერიოზული ცვლილებები?
არნო ხიდირბეგიშვილი: სააკაშვილი ემზადებოდა საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვებისთვის მათი ტოტალური გაყალბების გზით ადმინისტრაციული რესურსისა და ძალოვანი სტრუქტურების გამოყენებით, მაგრამ 18%-ზე მეტის გაყალბება ვერ შეძლო (ანუ „ნაცმოძრაობას“ რეალურად ხმა მისცა ამომრჩეველთა არა 45%, არამედ 27%-მა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ეროვნული უმცირესობები მათი კომპაქტური დასახლების ადგილებში – სომხები სამცხე-ჯავახეთში და აზერბაიჯანელები ქვემო ქართლში).ეს იმიტომ, რომ მას შემდეგ, რაც ქართველი საზოგადოება ააფეთქა ციხეებში წამების დოკუმენტურმა ვიდეოკადრებმა, დასავლეთმა და აშშ-მ, თავიანთი ელჩებისა და დამკვირვებლების მეშვეობით, ყურადღებით დაიწყეს პრეზიდენტისა და მმართველი პარტიის ქმედებებისათვის თვალყურის დევნება, ხოლო სააკაშვილი მკაცრად გააფრთხილეს – არ გაებედა არჩევნებში ძალოვანების ჩარევა და სისხლის ღვრა (როგორც არაერთხელ გაუკეთებია – არცთუ უსისხლო „ვარდების რევოლუციის“ დროსაც 2003 წლის 23 ნოემბერს, 2004-2005 წლებშიც და შემდგომშიც, მაგრამ უკვე უფრო მასობრივად – 2007 წლის 7 ნოემბერს და 2011 წლის 26 მაისს).
რაიმე სერიოზულ ცვლილებებზე საუბარი კი ახალი პარლამენტის პირველი სხდომიდან (ის 2012 წლის 21 ოქტომბერს შედგა) და ახალი მთავრობის მოსვლიდან სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ – ნაადრევია. ეს დრო საპარლამენტო უმრავლესობას ძლივს ეყო, ქუთაისში ბინები დაექირავებინა და ვაი-ვაგლახით განთავსებულიყო პარლამენტის დაუმთავრებელ შენობაში, წარმოედგინა პროგრამა, 2013 წლის ბიუჯეტი და დაენიშნა მთავრობა უმცირესობასთან დაპირისპირების ფონზე; ახალ მინისტრებს კი – იმისთვის, რომ გასცნობოდნენ სამინისტროებში საქმეების არცთუ სახარბიელო მდგომარეობას და მოადგილეები შეეცვალათ.
ნუ დაგვავიწყდება, რომ ივანიშვილის მთავრობის ხელისუფლებაში შესვლის პროცესი მიმდინარეობს განუწყვეტელი საბოტაჟის ფონზე ყოფილი მმართველი პარტია „ნაცმოძრაობის“ მხრიდან – უმცირესობის პარლამენტარების, თბილისის მერის და საქალაქო სამსახურების ჩინოვნიკების, გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის რაიონული ორგანოების ხელმძღვანელთა, დიპლომატიური კორპუსის და პირადად მიხეილ სააკაშვილის, რომელმაც ოფიციალურად გამოაცხადა თავისი თავი მსოფლიოში ერთადერთ ოპოზიციონერ პრეზიდენტად. მხედველობაში მაქვს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა საყოველთაო შეჭრა სახელმწიფო დაწესებულებების შენობებში და კერძო ოფისებში, რომლებსაც „უეცრად და ერთდროულად“ გამოელიათ მოთმინება; პორტის მუშების გაფიცვები ფოთში, მაღაროელებისა – ჭიათურასა და ტყიბულში, „თელასის“ ენერგეტიკოსების, თბილისის ყველა ავტოპარკის ავტობუსების მძღოლების გაფიცვები; საპროტესტო აქციები ციხეებში პირის მასობრივი ამოკერვით პლუს საბოტაჟი საერთაშორისო დონეზე.
როგორც თქვენთვის ცნობილია, წინის წინა კვირას სააკაშვილმა, ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლების მეშვეობით, მოახერხა ნატოს გენერალური მდივნის, ევროპარლამენტის პრეზიდენტის და სხვა მაღალი რანგის ევროპელების მოტყუება, თითქოს საქართველოში დაიწყო რეპრესიები და პოლიტიკური დაპატიმრებები მიმდინარეობს. ტყუილი მეორე დღესვე გასკდა, მაგრამ ანდერს ფოგ რასმუსენი და მარტინ შულცი ახალი ქართული მთავრობის მისამართით კრიტიკული გამონათქვამების გამო შერცხვნენ, ხოლო ქართველმა ხალხმა ათასობით შეურაცხმყოფელი კომენტარით გაავსო მათი გვერდები სოციალურ ქსელებში და კიდევ უფრო მეტად შეიძულა დასავლეთიც და ნატოც.
თუმცა ერთი და მეტად სერიოზული ცვლილება მაინც მოხდა – 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში გაქრა საყოველთაო შიში, რომელშიც მოქალაქეები 9 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ! ადამიანებს უკვე აღარ ეშინიათ, რომ ქუჩაში დააპატიმრებენ მხოლოდ და მხოლოდ „გონივრული ეჭვის“ საფუძველზე (ეს ფორმულირება სისხლის სამართლის კოდექსში სააკაშვილის ბრძანებით იქნა შეტანილი), რომ იარაღს და ნარკოტიკებს ჩაუდებენ, მერე კი ციხეში ჩაალპობენ, სადაც სასიკვდილოდ სცემენ და ანალური ხვრელიდან ცოცხებით აწამებენ – მხოლოდ იმისთვის, რომ ხელისუფალთაგან ვიღაცას მათი ბიზნესი, სახლი, ავტომობილი მოეწონა, პოლიტიკური ორიენტაცია კი – არა. ადამიანები ჩურჩულით და მინიშნებებით აღარ საუბრობენ, ლაპარაკის დროს მობილურ ტელეფონს აღარ თიშავენ და ბატარეას არ აცლიან, აღარ ეშინიათ „არანაციონალ“ მეგობრებთან ტელეფონებით და Skype-ით ურთიერთობის, e-mail-ის გაგზავნის, მეგობრობის და სიყვარულის, რასაც ადრე კონსპირაციულად აკეთებდნენ, იმის შიშით, რომ ვიდეოკამერით გადაუღებდნენ ან ფარულად მოუსმენდნენ შემდგომი დაშანტაჟების მიზნით.
რუსული ენის ელემენტარულად მცოდნეებს აღარ ეშინიათ, რომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულებენ, ხოლო ქართველებს აღარ ეშინიათ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს სიცოცხლის გამო, რომელსაც მაღალი რანგის ჩინოვნიკები და პოლიციელები მთავარი საკათედრო ტაძრის სიწმინდეში, პატრიარქის რეზიდენციაში უცვივდებოდნენ, უყვიროდნენ, ემუქრებოდნენ, ანაფორის კალთებზე ექაჩებოდნენ და შეურაცხყოფდნენ, მათ შორის – პირადად პრეზიდენტი სააკაშვილი (ერთ-ერთმა ამ ხულიგანთაგანმა – თბილისის მერმა უგულავამ – ახალი მთავრობის სხდომაზე ამგვარადვე იგულავა და შეეცადა, თავხედური საქციელით პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი საჯარო პროვოკაციაზე გამოეწვია).
ასე რომ, სანამ საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილია, რომელსაც, კონსტიტუციის მიხედვით, შეუძლია 2013 წლის აპრილ-მაისში პარლამენტი დაითხოვოს; რომელსაც ხელქვეითებად ჰყავს პარლამენტის 60 წევრი (65 მინუს 5, რომლებმაც ნეიტრალიტეტი გამოცხადეს) და მთელი ადგილობრივი თვითმმართველობა; კარგად სტრუქტურირებული პარტია „ნაცმოძრაობა“, რომლის რიგების სიმჭიდროვე უთვალავ ბოროტმოქმედებაში გარეული მრავალნაცადი ლიდერების/აქტივისტების ურთიერთთავდებობას ეფუძნება; მძლავრი სპეცსამსახური – სამთავრობო დაცვის დეპარტამენტი; მთავარი აუდიტი (ყოფილი კონტროლის პალატა); მის მიერ დანიშნული ელჩებით დაკომპლექტებული დიპლომატიური კორპუსი; ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი კონსტიტუციის თანახმად თანამდებობაზე ნიშნავს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, მთავარ აუდიტორს, გუბერნატორებს, ვიდრე მოსამართლეების, პროკურორების და პოლიციელების უმეტესობა – მის მიერ დანიშნული „ნოტარიუსები“ არიან, რომლებიც უკვე 9 წელია, მორჩილად აფორმებენ მის ყველა ახირებას; სანამ სააკაშვილის განკარგულებაში საპრეზიდენტო ფონდია და დიდი თანხები უცხოეთის ანგარიშებზე, რომლითაც ის აფინანსებს უცხოურ ლობისტებსა და გლუკსმანებს ივანიშილის კრიტიკისთვის, საქართველო უდიდესი ხიფათის ქვეშ დარჩება!
გამიდ გამიდოვი: ბატონო არნო, რამდენადაც გვესმის, ახლა საქართველოს განზრახული აქვს, აქტიურად მოაწესრიგოს ურთიერთობა რუსეთთან და ის, როგორც მინიმუმ, უწინდელ, სააკაშვილამდელ დონეზე დააბრუნოს. რამდენად მალე შეიძლება ველოდოთ მოსკოვთან ურთიერთობის მოგვარებას და რას მისცემს ეს საქართველოს პირველ რიგში? უკავშირებენ თუ არა საქართველოში რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხს აფხაზური და ოსური პრობლემის პარალელურ გადაწყვეტას?
არნო ხიდირბეგიშვილი: რუსეთთან ურთიერთობის სააკაშვილამდელი დონე ნიშნავს, რომ საქართველომ უნდა აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან, დაბრუნდეს დსთ-ში სრული მოცულობით (ამჟამად ის მხოლოდ 75 ხელშეკრულებაში მონაწილეობს), მათ შორის – შეუერთდეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) და მოქმედება შეუწყვიტოს პარლამენტის გადაწყვეტილებას თანამეგობრობიდან გასვლის შესახებ; გააუქმოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ (რის გარეშეც შეუძლებელია სავიზო რეჟიმის გაუქმება), „თავისუფლების ქარტია“ და „პატრიოტის აქტი“; ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ; მოქმედება შეუწყვიტოს პარლამენტის გადაწყვეტილებებს ჩერქეზების, ჩეჩნების და სხვა ჩრდილოკავკასიელი ხალხების გენოციდის შესახებ; დახუროს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი და ტელეკომპანია „ПИК“, დეპორტაცია გაუკეთოს პანფილოვს, განაპოლსკის და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს ყველა დანარჩენი. და რაც მთავარია – საქართველომ უარი უნდა თქვას ნატოში შესვლის განზრახვაზე, რომლის წევრობა შეუთავსებელია დსთ-სა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში ყოფნასთან და პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსეთის რეგიონულ ინტერესებს კავკასიაში.
იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილის მთავრობის პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსი არაფრით განსხვავდება სააკაშვილის მთავრობის კურსისგან ევროატლანტიკური ინტეგრაციის – ნატოსა და ევროკავშირში გაწევრების ნაწილში, მოსკოვთან ურთიერთობის მოწესრიგებას ემოციური, საუკეთესო შემთხვევაში – ეკონომიკური ხასიათი ექნება. მხედველობაში მაქვს რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინისა და კონიაკის, მინერალური წყლების –„ბორჯომისა“ და „ნაბეღლავის“, ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დაბრუნება, რაც ქართული ეკონომიკისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა, ვფიქრობ, რუსეთი ძალიანაც არ იჩქარებს საქართველოს ეკონომიკის აღორძინებას, სანამ მისი პრეზიდენტია მიხეილ სააკაშვილი, მის მიერ სამხედრო დამნაშავედ აღიარებული, რომელმაც რუსი ჯარისკაცები – მშვიდობისმყოფელები და მშვიდობიანი მოსახლეები დახოცა.
„ბუნებაში არ არსებობს მიზეზები, რომელთა გამოც საქართველო ნატოზე უარს იტყვის! მსოფლიოში არ არსებობს გაერთიანებები, ნატოსა და ევროკავშირის გარდა, სადაც აუცილებლად შევა საქართველო – მე პირადად ვიძლევი ამის გარანტიას, სანამ ეს ხელისუფლება იქნება. ჩვენ ტყუილად გვეპატიჟებიან სხვადასხვა გაერთიანებაში (იგულისხმება დსთ, – ა.ხ.), ამაზე ისინი კატეგორიულ უარყოფით პასუხს მიიღებენ! გამორიცხულია, ჩვენ არანაირ კომპრომისზე არ წავალთ! 16 წელია, საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში ვმუშაობ და ვიცი, რომ ევროპისკენ სწრაფვა საქართველოს ერთადერთი სწორი გზაა! ჩვენ არასოდეს დავბრუნდებით რუსეთის ორბიტაზე, იმავე დსთ-ში, ნატოსა და ევროკავშირისკენ სწრაფვა ამას გამორიცხავს. ხოლო მომავალში შესაძლოა მსოფლიოში მოხდეს ცვლილებები, რომლებიც რუსეთს აზრს შეუცვლის...“ – „დიპლომატიურად“ განაცხადა ა.წ. 18 ნოემბერს საქართველოს პირველმა დიპლომატმა ფ. გორდონთან შეხვედრისა და ჰ. კლინტონისგან მიწვევის შემდეგ. საინტერესოა, მაინც რა მოვლენებს გულისხმობდა საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი ფანჯიკიძე? ნუთუ აშშ საქართველოსთვის „შურს იძიებს“ და რუსეთზე ომით წავა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის აღარ ეცლება? თუ მოუსვენარი ვასილიჩი პუტინის ხელისუფლებას დაამხობს? მაშ, რა მოვიმარაგოთ – აირწინაღები თუ პამპერსები?!
აი – რა არის მთავარი, ხოლო ის, რომ „მას კარასინი იცნობს“ (მხედველობაში მყავს საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში აბაშიძე, რომელიც პრემიერმა ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში სპეცწარმომადგენლად დანიშნა) – პრობლემის გადასაწყვეტად საკმარისი აშკარად არ არის: ბუბა კიკაბიძეს მთელი რუსეთი იცნობს, მაგრამ ეს, თავადაც გესმით, მხოლოდ ემოციებია...
არადა, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა, თანაც ისე, რომ არავის ვაწყენინოთ, ძნელი სულაც არ არის. აგიხსნით. დღეს ნატომ და აშშ-მ მორიგჯერ შეირცხვინეს თავი ქართველი ხალხისა და მთელი მსოფლიოს წინაშე, რადგან წარმოდგენა არ ჰქონდათ – რას სჩადიოდა საქართველოში 9 წლის განმავლობაში მათ მიერ მხარდაჭერილი მაფიოზური კლანი „ნაცმოძრაობის“ სახელწოდებით და მისი ნათლიმამა – მიშა სააკაშვილი, რომელმაც ისინი არიფებივით „დააბოლა“ (ივანიშვილს ჰყავს სადავო კადრებიც, მაგრამ ბრწყინვალე მინისტრებიც – იუსტიციის მინისტრი წულუკიანი და მთავარი პროკურორი კბილაშვილი, რომლებიც, ვიმედოვნებ, არ შეჩერდებიან მხოლოდ „მაჩო“ ბაჩოზე&კომპანიაზე, და დასავლეთს USAაღზრდილების შესახებ კიდევ ბევრ სიურპრიზს შესთავაზებენ!).
ამიტომ საქართველოში შესაძლებელია საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარება, რომელზეც დასმული იქნება ერთადერთი შეკითხვა: „გსურთ, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს?“
ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უარყოფითად უპასუხებს, „ნაციონალების“ გარდა, რომლებსაც ზურგჩანთები და ორცხობილა უკვე გამზადებული უნდა ჰქონდეთ. რეფერენდუმი ხომ ასეთივე შედეგებით დამთავრდა საქართველოზე ბევრად უფრო დასავლურ უკრაინაში, საქართველოში კი ხელისუფლებამ მოსახლეობა მოატყუა და ამ საკითხზე 2008 წელს რეფერენდუმი კი არა, პლებისციტი ჩაატარა, ანუ – გამოკითხვა, ეგზიტპოლი. ამასთან, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში პლებისციტიც კი არ ჩაუტარებიათ, თუმცა სააკაშვილის ხელისუფლება გამუდმებით ხაზს უსვამდა, რომ ეს – საქართველოს ტერიტორიაა, ხოლო აფხაზები და ოსები – საქართველოს მოქალაქეები არიან!
ნატოში შესვლაზე უარის თქმით საქართველო არაფერს დაკარგავს, რადგან ნატო თავის რიგებში საქართველოს მიღებას ისედაც არ ჩქარობს – ნატოს წესდებაში არის მე-5 მუხლი, რომელიც კრძალავს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ისეთი ქვეყნების მიღებას, რომლებსაც მოუგვარებელი შიდა პრობლემები – დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა/სუვერენიტეტი აქვთ, ხოლო ნატოს ქვეყნები, როგორც ცნობილია, აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ანუ აფხაზეთითა და სამხრეთ ოსეთით მის შემადგენლობაში. ესე იგი, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესასვლელად საქართველომ ჯერ სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღიდგინოს, რაც თეორიულად შესაძლებელია საომარი გზით – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე თავდასხმით, ანდა მშვიდობიანად – მათი აღიარებით საქართველოსგან განცალკევებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, საქართველოს ახალი საზღვრების დემარკაციითა და დელიმიტაციით.
ახლა – ყურადღება! ვინმეს ოდესმე პრეზიდენტ სააკაშვილის, აშშ-ის პრეზიდენტის ან სახელმწიფო მდივნის, ნატოს გენმდივნის ან ევროკავშირის ქვეყნების პირველი პირებისგან მოუსმენია პასუხი ერთ ელემენტარულ კითხვაზე: რანაირად და როგორ მიიღებენ საქართველოს ნატოში? აფხაზეთით და სამხრეთ ოსეთით, რომლებიც საერთაშორისო სამართლით უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან და მათ ხელშეკრულებით „ოკუპანტი“ – რუსეთი იცავს? თუ მათ გარეშე – საქართველოს მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც თბილისის იურისდიქციაშია?
მსოფლიოში არავის სმენია ამ კითხვაზე პასუხი ნატოს, აშშ-გან, ევროკავშირისა და სააკაშვილისგან, იმიტომ, რომ პატიოსანი პასუხი მათ ინტერესებში არ შედის!
ქართველ ხალხს ნატოს შესახებ ზღაპრებს „აჭმევენ“, რათა ქართველი სამხედროები ნატოს კონტინგენტის შემადგენლობაში გამოიყენონ „ცხელ წერტილებში“, როგორც იყენებდნენ ერაყში და იყენებენ ავღანეთში, და რათა ირანთან ომის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზა გახსნან რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსებით.
გამიდ გამიდოვი: ბატონო არნო, რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება, რკინიგზის გახსნა, მათ შორის – სომხეთიდან, ეს ნიშნავს ერევანთან უფრო მჭიდრო ურთიერთობას. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ბაქოსა და თბილისის ურთიერთობას ამასთან დაკავშირებით გაციება მოელის? პრინციპში, როგორ განვითარდება ახლა ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის?
არნო ხიდირბეგიშვილი: პატივცემულო კოლეგა, მიზეზები, რომელთა გამო რუსეთთან საქართველოს ურთიერთობის მოწესრიგება, საუკეთესო შემთხვევაში, შემოიფარგლება „ბორჯომით“, „ქინძმარაულით“ და კულტურული გაცვლით – მოსკოვში ქართველი მსახიობებისა და თბილისში რუსი მსახიობების გასტროლებით, თქვენს წინა შეკითხვაზე პასუხში უკვე ჩამოვთვალე.
რაც შეეხება სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას მარშრუტით ადლერი-სოხუმი-თბილისი-ერევანი, შეგახსენებთ, რომ ამიერკავკასიის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი, გაზსადენ „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიას“ (რომლითაც რუსეთი გაზს სომხეთს აწვდის) საქართველოს მონაკვეთთან ერთად – ეს, ვგონებ, ქართული ეკონომიკის ორი უკანასკნელი სტრატეგიული ობიექტია, რომლებიც ჯერ კიდევ არ ეკუთვნის რუსულ სახელმწიფო ან კერძო ბიზნესს. ორივე ამ ობიექტს სომხეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, მაგრამ რუსეთ-საქართველოს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაში დღევანდელი მდგომარეობით (უფრო სწორად – ამ ურთიერთობის არარსებობით), საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ სიკეთეებს არ ჰპირდება, საბაჟო-სატრანზიტო ბაჟისა და სახელმწიფო ხაზინაში სხვა მსგავსი შენატანების გარდა. დიახ, სომხური სარკინიგზო გადაზიდვები საავტომობილოზე გაცილებით იაფია, შესაბამისად, გაიაფდება როგორც სომხეთის მიერ დსთ-ის ქვეყნებიდან იმპორტირებული საქონელი, ისე სომხური ექსპორტი (ძირითადად – სასოფლო-სამეურნეო და კვების პროდუქცია).
თუმცა, ამის გამო ერევანთან საქართველოს დათბობისა და ბაქოსთან გაციების მოლოდინი უსაფუძვლოა: ღია სააქციო საზოგადოება „რუსეთის რკინიგზამ“ დიდი ხანია, შეიძინა სომხეთის რკინიგზა (დახურული სააქციო საზოგადოება „სამხრეთ კავკასიის რკინიგზა“), ამიტომ „ჯაჭვის ჩაკეტვა“ ქართული მონაკვეთის გამოცოცხლებით – რუსეთის სავსებით გასაგები სურვილია, რომელიც, როგორც ჩემთვის ცნობილია, აზერბაიჯანის №1 პარტნიორია ნავთობშესყიდვებში და ზემოხსენებული სარკინიგზო მიმართულების რეანიმაციის ინიციატორი არ გახლავთ. ამიტომ სულაც არ არის აუცილებელი, ეს საკითხი საქართველოს მიერ ვეტოს მოხსნას მიებას სომხეთში – გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზაზე სამხედრო ტვირთების მიწოდებაზე, რომელიც ავტოტრანსპორტსაც ეხება: საქართველო, როგორც ხედავთ, ნატოსკენ მიისწრაფვის, ხოლო სომხეთი ალიანსის მარადი ოპონენტის – რუსეთის ფედერაციის, სტრატეგიული მოკავშირეა...
თუმცა, ისევ და ისევ ირანთან ომის, საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზის გახსნისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით – MIM-104 „პეტრიოტი“ – აღჭურვის შემთხვევაში, რუსეთს შეუძლია ეს რკინიგზა გამოიყენოს გიუმრიში სატრანსპორტო ბლოკადაში მოქცეული თავისი სამხედრო ბაზის მომარაგებისთვის. ამ შემთხვევაში, საქართველო გადაიქცევა დერეფნად, რომელშიც ამერიკაც იგულავებს და რუსეთიც!
ბაქოს დღევანდელი შეშფოთების გაგება შეიძლება, მაგრამ სულ სხვა მიზეზებით. საქმე ის არის, რომ „სომხური თემა“ საქართველოს ახალი ხელისუფლებისთვის დიდ საფრთხეს შეიცავს. განვმარტავ. საქართველოს სომხების დაყოფა სამ კატეგორიად შეიძლება:
პირველი – ეს არის ქართველ საზოგადოებაში მთლიანად ინტეგრირებული მშრომელები და ინტელიგენტები, რომლებისთვისაც საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნება თანაბარია (მათ შორის – აზერბაიჯანელები) და რომლებიც მართლაც ქართველების ცხოვრებით, ჩვენი სიხარულითა და დარდებით ცხოვრობენ;
მეორე – ესენი არიან ჩემ მიერ ინტერვიუს დასაწყისში ნახსენები სამცხე-ჯავახეთის სომხები, რომლებმაც, ძირითადად, ხმა მისცეს „ნაცმოძრაობას“ იმიტომ, რომ მათთვის ეროვნება პირველხარისხოვანია, ხოლო სააკაშვილი – ეთნიკური სომეხია;
მესამე – ძალზე მცირერიცხოვანი, მაგრამ საშიში კატეგორია: სომხები, რომლებსაც სძულთ ქართველები. ამ ერთი მუჭა ნაძირალების მთავარი მიზანია – საქართველოში ეროვნებათაშორის ნიადაგზე შუღლის გაღვივება, ხელისუფლებისთვის პრობლემების შექმნა, რათა ამასობაში ჩუმ-ჩუმად ჩამოაცილონ მას სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, როგორც თვითონ უწოდებენ – ჯავახქი.
მარტოხელა პროვოკატორები ატყუებენ საზოგადოებას, რომ მათ უკან თითქოსდა ელექტორატი დგას, რომ ისინი ლაპარაკობენ ორგანიზაციების სახელით, რომლებშიც სინამდვილეში – თითო წევრია. მაგრამ ისინი უკვე ლუსტრირებულნი არიან, თანაც – არა მარტო საქართველოში: ოფიციალური ერევანი, ისევე, როგორც საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩო, რომელსაც მათ არაერთი პრობლემა შეუქმნეს, ჩამოშორდნენ მათ და ახლა ისინი სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ქართული ეპარქიის დისკრედიტებას ახდენენ.
რაც უფრო უარესად მისდის საქართველოს საქმე – მით უკეთესი მათთვის, ამიტომ მათ სძულთ ივანიშვილი, რომელსაც, როგორც თვითონ ამბობენ, „ქართულ, და არა სომხურ ოცნებას აშენებს!“.
მათ აქვთ გასასვლელი ორიოდე შოვინისტურ გაზეთუკაზე, რომლებიც საზღვარგარეთ გამოიცემა, პლუს ვებსაიტები და ინტერნეტგვერდები სოციალურ ქსელებში, რომელთა საშუალებით ახორციელებენ თავიანთ ძირგამომთხრელ ანტიქართულ პროპაგანდას. ამ თვალსაზრისით საგულისხმოა მათ მიერ ცოტა ხნის წინ შექმნილი და YouTube-სა Facebook-ზე გავრცელებული ვიდეო „ქართველი სომხები და ორხელისუფლებიანობის არაპროგნოზირებადობა“, სადაც „სომეხი უფლებამფლობელები, მაგრამ არა მფლობელები“ ლაფს ასხამენ საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს, ამბობენ, რომ მას „კვირაში შვიდი პარასკევი აქვს“, ბრაზობენ, რომ „პირველი ვიზიტი მან ებრაულ სინაგოგაში განახორციელა“ და რომ „მას ებრაული ფესვები აქვს“, ამბობენ, რომ „ივანიშვილი გარშემორტყმულია ნაციონალისტებითა და კრიმინალებით, რომლებიც ადრე (სააკოვის მთავრობის დროს, – ა.ხ.) საქართველოდან გაიქცნენ, მაგრამ ახლა დაბრუნდნენ“...
არაერთგზის, პუბლიკაციებში „ოლიგარქის შეცდომა“, „ვისთვის იქნება ყველაფერი კარგად, ძვირფასო ივანიშვილო!?“, „საქართველო, ოქტომბერი: You can speak English და სააკაშვილის სრული ალბაცი?“, ივანიშვილს ვაფრთხილებდი, რომ ეროვნულ უმცირესობებთან, განსაკუთრებით – სომხებთან მეტი სიფრთხილე მართებს, მაგრამ ბიძინამ მათთვის ვერ მოიცალა და სომხებსა და აზერბაიჯანელებში არჩევნები წააგო. არადა, „ქართულ ოცნებაში“ არაანგაჟირებულ პროფესიონალ ექსპერტებთან სერიოზულად რომ ემუშავათ და ეროვნული უმცირესობების საკითხში იმავე სააკაშვილის მრჩეველთა გამოცდილება გაეთვალისწინებინათ, „ქართულ ოცნებას“ ახლა პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა ექნებოდა!
დღეს კი ივანიშვილს ათასი ვიგინდარა აშანტაჟებს, აცხადებს ქსენოფობად, რომელიც უდიერად იხსენიებს სომხებს, ემუქრება, რომ აშშ-ის კონგრესში სომხურ ლობის დაუკავშირდება, ხოლო ბიძინა, რომელსაც მათ შესახებ სარწმუნო ინფორმაცია არ გააჩნია და დასავლეთის წყენინებას ერიდება, სექსოტების წკმუტუნს ქართველი სომხების აზრის გამოხატვად მიიჩნევს.
ერთ-ერთი ბოლო მაგალითი: ივანიშვილის უწყინარი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი გამონათქვამის გამო (რომ სომხების ისტორიული სამშობლო – აქვეა, ისინი კი, მიუხედავად ამისა, საქართველოში ცხოვრობენ) ზემოხსენებული სომეხი პროვოკატორების მიერ მოწყობილი ისტერიკის შემდეგ ივანიშვილს ურჩიეს, სომხები დაეშოშმინებინა და მათ მოჰეფერებოდა. და აი, სასტუმრო „Courtyard Marriott“-ში სასწრაფოდ ჩაატარეს ცნობილი სომეხი მთარგმნელის შემოქმედებითი საღამო (ამ უკანასკნელისთვის სრულიად მოულოდნელად!), რაც შეცდომა იყო ორი მიზეზით:
პირველი – ამით სამართლიანად განაწყენდნენ ქართველი აზერბაიჯანელები, რადგან ივანიშვილმა ეროვნულ უმცირესობებთან პირველი შეხვედრა საჯაროდ სწორედ სომხებთან ჩაატარა (თანაც – გარკვეულ ჯგუფთან, ამიტომ ლოგიკურია, რომ იქ საქართველოში სომხეთის საელჩოს წარმომადგენლები არ ყოფილან);
მეორე – ამით წაახალისეს შანტაჟისტები, რომლებმაც მანამდე ბიძინას სასახლეში ვერ შეაღწიეს საზოგადოებაში ცუდი სახელის გამო, იმ შეკრებაზე კი საჯაროდ ურთიერთობდნენ და ფოტოებს იღებდნენ ივანიშვილთან. მაგალითად – სკოლის ყოფილი დირექტორი მ.ტ. – ბებერი გაიძვერა, რომელსაც მოწაფეებმა შეუსწრეს საკლასო ოთახში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ტ.კ.-ს გაუპატიურების დროს, ერთადერთი ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, ვინც ციხეში იჯდა სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, რომელიც საქართველოში ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივებას ითვალისწინებს (მის მიერვე მოწყობილ მიტინგზე სომხებს ქართველების წინააღმდეგ აქეზებდა, მაგრამ ერთ წელიწადში შეიწყალეს, როგორც ჩანს, ცოცხით დამუშავების და ორგანოებთან თანამშრომლობის ხელწერილის შემდეგ).
ამიტომ მინდა, დავამშვიდო აზერბაიჯანი – არანაირი განსაკუთრებული პიეტეტი ივანიშვილის მხრიდან სომხების მიმართ, და პირიქით, არ არსებობს და თბილისის ურთიერთობა ბაქოსთან (ისევე, როგორც ერევანთან) მშვიდად და გაცილებით უფრო პროდუქტიულად განვითარდება, ვიდრე მანამდე. უბრალოდ, ფხიზლად უნდა ვიყოთ – სავსებით შესაძლებელია, მთელი ეს ხმაური დავით გარეჯის მონასტრის ირგვლივ და ინციდენტები საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, ისევე, როგორც ამასწინანდელი შემთხვევა სოფელ ნიგვზიანში, ჩვენი „კეთილისმსურველების“ მიერ იყოს პროვოცირებული.
რაც შეეხება ტრანსკავკასიური რკინიგზის 300-კილომეტრიანი აფხაზური მონაკვეთის აღდგენას, რომელიც რუსეთს საქართველოსა და სომხეთთან აკავშირებს, ეს არ აძლევს ოფიციალურ ბაქოს შეშფოთების საბაბს არც სამხედრო, არც ეკონომიკური თვალსაზრისით, მითუმეტეს, რომ მარშრუტი ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსი (სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო ქსელებს აერთიანებს) ექსპლუატაციაში გაცილებით უფრო ადრე შევა.