პოლიტიკა
ქართველი ხალხი მიხეილ სააკაშვილთან კონტრაქტს წყვეტს!

1-polittt3საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოში ყველაზე გავრცელებული სახელი – გიორგი – ასოცირდება სიტყვებთანгрузин, georgian“, და ჩვენი მშვენიერი ქვეყნის სახელწოდებასთან Грузия, Georgia. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სათაყვანო წმინდანი ძლევამოსილი წმინდა გიორგია, რომლის სახელი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობას ჰქვია.

დღეს, 23 ნოემბერს, საქართველო ერთ-ერთ ყველაზე ბრწყინვალე და საყვარელ დღესასწაულს – გიორგობას აღნიშნავს – წმინდა გიორგის ხსენების დღეს, რომელიც ჩვენი ქრისტიანული რწმენისათვის ეწამა, რომელიც ქართველებისთვის საბჭოთა ეპოქაშიც კი ზოგადეროვნული იყო და არა მხოლოდ – საეკლესიო. ამიტომ წმინდა გიორგი ჩვენთვის არის გამარჯვებულის, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების, მახვილით გველეშაპის გამგმირავი მხედრის სინონიმი.

თუმცა, დღეს ქართველებს მწუხარების საბაბიც გვაქვს, 23 ნოემბერი ხომ „ვარდების რევოლუციის“ მე-9 წლისთავია, რომლის სისხლიან ეკლებს კიდევ დიდხანს ამოვიღებთ საქართველოს, წმინდა გიორგის სხეულივით, ნაწამები სხეულიდან. და კიდევ დიდხანს ყვავილი ვარდი – სიყვარულის სიმბოლო, 2003 წელს ჩვენ მიერ ჩადენილ შეცდომას გაგვახსენებს...

საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტი შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანას გეგმავს. კანონპროექტის თანახმად, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია, დამსაქმებელი ვალდებული იქნება, დასაქმებული სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 30 დღით ადრე გააფრთხილოს.

ამასთან დაკავშირებით გუშინ სოციალურ ქსელ Facebook-ში ქართველი მომხმარებლების მრავალრიცხოვანი კომენტარები გამოჩნდა: „დამსაქმებელი – ქართველი ხალხი, 30 დღით ადრე აფრთხილებს დაქირავებულ დასაქმებულს – საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომ მის კონტრაქტს წყვეტს და მასთან შრომითი ხელშეკრულების გაგრძელებას აღარ აპირებს“.