საზოგადოება
პრეზიდენტმა უპრეცედენტო რაოდენობის მსჯავრდებულები შეიწყალა

1-Sewyaleba-samarTali1საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა უპრეცედენტო რაოდენობის პატიმრები შეიწყალა.

გიორგობის დღესასწაულს ექვსასამდე პატიმარი სახლში ხვდება. პრეზიდენტის შეწყალებისა და ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ნაწილმა წუხელ, გვიან ღამით, დატოვა საპატიმროები, ნაწილი დღეს დაუბრუნდება ოჯახებს.

შეწყალებულთა შორისაა ნაკლებად მძიმე დანაშაულების მქონე პატიმრები ( შეწყალების კომისიის წევრებმა სწორედ ასეთ მსჯავრდებულებს გაუწიეს რეკომენდაცია, რომელთა უმრავლესობის თხოვნაც პრეზიდენტმა დადებითად დააკმაყოფილა). პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 50 პატიმარს სასჯელი გაუნახევრდა, ხოლო 469 გათავისუფლდა.  გათავისუფლებულთა შორის ქალებიც მოხვდნენ. გვიან ღამით საპატიმრო 34 ქალმა მსჯავრდებულმა დატოვა. შეწყალება შეეხო ნარკოტიკების მომხმარებლებსაც, ქურდობისთვის გასამართლებულებს, რომლებიც პირველად იხდიდნენ სასჯელს, ასევე, ეკონომიკური დანაშაულისთვის გასამართლებულ პატიმრებს.

არასრულწლოვანები შეწყალებულთა შორის ვერ მოხვდნენ – მათ შესაბამისი განცხადებით კომისიისთვის არ მიუმართავთ.

წუხელ, გვიან ღამით, დატოვა გლდანის მე-8 დაწესებულება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოთხმა მაღალჩინოსანმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, წინასწარ პატიმრობაში მყოფი გიორგი ყავლაშვილი, ვასილ ჯამალაშვილი, ავთანდილ სოლომნიშვილი და გიორგი ჯავახაძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.