რელიგია
გიორგობას გილოცავთ!

1-giorgoba-religiaaaaსაქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმიდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.

წმიდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.

წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. 303 წელს მას რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს ბრძანებით თავი მოჰკვეთეს. წმ. გიორგი მხედართმთავარი იყო და დიოკლეტიანეს ქრისტიანებზე დევნის გამო განუდგა. უფლის შეწევნითა და გამხნევებით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა.

ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს. 6 (ძვ. სტ. 23 აპრილი) მაისი წმიდანის აღსრულების დღეა. 23 (ძვ. სტ. 10 ნოემბერი) ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღის აღნიშვნა კი ქართულია და სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.
საქინფორმი გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ამ დღის მადლი არ მოჰკლებოდეს თქვენს ოჯახებს და ჩვენს სამშობლოს, მრავალს დაესწარით საყვარელ ადამიანებთან ერთად ერთიან საქართველოში!