საზოგადოება
ივანიშვილი: „საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს“

1-preskonf-sazogad3საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. ამ წუთებში მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის პირველი დიდი პრესკონფერენცია პრემიერ-მინისტრის რანგში. სასტუმრო „რადისონში“ პრესკონფერენციას  ქართული და უცხოური მედიის 150-მდე ჟურნალისტი ესწრება.

ბიძინა ივანიშვილმა მედიის – მეოთხე ხელისუფლების – დამოუკიდებლობის თაობაზე აღნიშნა, რომ ამ მხრივაც დადებითად განვითარდა პროცესები: „იმედს“ ძველი რეალური მესაკუთრეები გამოუჩნდნენ და დაიბრუნეს, „რუსთავი 2“-ის ორი ძველი მფლობელი ჩივის და ა.შ. საზოგადოებრივ არხთან დაკავშირებით კი მან აღნიშნა, რომ ეს ტელევიზია უნდა ემსახურებოდეს რეალურად საზოგადოების ინტერესებს, მან არანაირად არ უნდა გაატაროს არც ძველი და არც ახალი ხელისუფლების ინტერესები. „თუ შეიმჩნევა რაიმე ზეწოლის ნიშნები ხელისუფლების მხრიდან, მე გაძლევთ გარანტიას, რომ მე ვიქნები ამ მხრივ პირველი დამცველი, რომ არავინ გაბედოს და არ ჩაერიოს თავისუფალი ჟურნალისტიკისა და თავისუფალი მედიის მუშაობაში“, – განაცხადა მან.

ივანიშვილი არ გამორიცხავს „მე-9 არხის“ ბაზაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაქმნას. ამის საჭიროების შემთხვევაში იგი პროცესებს გამჭვირვალეს გახდის. ამასთან, ივანიშვილი აცხადებს, რომ მსგავსი არხებიდან ყველაზე ოპტიმალურ, საუკეთესო, იდეალურ ვარიანტს შეარჩევენ მისი გარდაქმნისათვის. ფინანსური დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, პრემიერი მაუწყებლობისთვის 20 წლით აპირებს წინასწარ თანხის გადახდას. თუმცა ამჯობინებს, ეს გარდაქმნა თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე მოხერხდეს და აპირებს, საჩუქრად გადასცეს „მე-9 არხის“ ქონება, კარგი იქნება, თუკი კომპანია ჟურნალისტების დასაქმებაზეც იზრუნებს. მისი თქმით, თავადაც მოეხსნება უხერხულობა, რაც ტელევიზიაში მისი მეუღლის წილის გამო ექმნება.

პრემიერი რუსულენოვანი ტელევიზიის არსებობას მიესალმება და ამბობს: „ეს ჩემგან არ უნდა იყოს ინიცირებული, საზოგადოებიდან უნდა წამოვიდეს. ბევრია რუსულენოვანი მოსახლეობა. სომეხი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი რუსულ ენას ფლობს, უნდა დავეხმაროთ ქართული ენის ათვისებაში. უნდა არსებობდეს რუსულ ენაზე რაღაც გადაცემა“.