პოლიტიკა
ივანიშვილი: „რუსეთთან მოლაპარაკებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თაობაზე ხანგრძლივი პროცესია“

1-ruseT-politika2საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. ამ წუთებში მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის პირველი დიდი პრესკონფერენცია პრემიერ-მინისტრის რანგში. სასტუმრო „რადისონში“ პრესკონფერენციას  ქართული და უცხოური მედიის 150-მდე ჟურნალისტი ესწრება. ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს გეოპოლიტიკურ ცვლილებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესის დაჩქარებას.

„რუსეთთან მოლაპარაკებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თაობაზე ხანგრძლივი პროცესია, თუკი მანამდე ჩვენსა და რუსეთს შორის ინტერესთა თანხვედრა არ მოხდა ანდა გეოპოლიტიკა არ შეიცვალა იმგვარად, რომ თავად რუსეთისთვის არახელსაყრელი იქნება სეპარატისტული ტერიტორიების არსებობა. არ გამოვრიცხავ და ვიმედოვნებ, რომ ასეთი პროცესები ამ პროცესს დააჩქარებს“, – განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კლასიკურ ვარიანტს“, ეს, ივანიშვილის თქმით, გულისხმობს „ქვეყნის ძალიან საინტერესოდ გადაქცევას, ოსებსა და აფხაზებთან მუდმივ კონტაქტში ყოფნას, სახალხო დიპლომატიის გზით მათ დარწმუნებას, რომ ქვეყნის ხელისუფლების სათავეში ნამდვილად სახალხო მთავრობა მოვიდა, რომელიც მათ გულწრფელად უწვდის ხელს“.

საქართველოს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ სანამ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის საელჩოები არსებობს, მისი ვიზიტი რუსეთში არ შედგება, რუსეთს გარეთ კი, ეს შესაძლებელია, მოხდეს. თუმცა, ივანიშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით, არანაირი შეხვედრა რუსეთის წარმომადგენლებთან დაგეგმილი არ არის.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ დიპლომატიური ურთიერთობები თბილისსა და მოსკოვს შორის 2008 წელს შეწყდა, აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცალმხრივად აღიარების შემდეგ. საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. 2012 წლის 1-ელ ნოემბერს კი საქართველოს პრემიერმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეცწარმომადგენლის პოსტის შემოთების შესახებ განაცხადა და ამ თანამდებობაზე დიპლომატი ზურაბ აბაშიძე დანიშნა.