აქტუალური
„ბორჯომი“ რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად მზადაა

1-BORJOMIსაქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. კომპანია „IDS Borjomi International”-მა  „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელ გენადი ონიშენკოს მიმართა ოფიციალური წერილით, სადაც სთხოვა, რუსეთის ბაზარზე მინერალური წყალი „ბორჯომის“ რეგისტრაციის განხილვას მიუბრუნდეს და, ასევე, საწარმოს ინსპექტირებისთვის საქართველოში რუსი ექსპერტების ვიზიტი დაგეგმოს.

„რუსეთის ბაზარზე „ბორჯომის“ დაბრუნება დღის წესრიგში 2011 წლიდან დგას. მოლაპარაკებათა მსვლელობისას, რომელიც „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელ გენადი ონიშენკოსა და IDS Borjomi International”-ის გენერალურ დირექტორ ვლადიმერ აშუროვს შორის გაიმართა, მწარმოებელ კომპანიას გარკვეული ფორმალური მოთხოვნების შესრულება დაევალა. მოგვიანებით, 2011 წლის 27 დეკემბერს, კომპანიამ მოსკოვში მინერალური წყლის რეგისტრაციისთვის აუცილებელი ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი გაგზავნა, თუმცა, ამის შემდგომაც საჭირო გახდა დამატებითი ინფორმაცია. 2012 წლის 17 თებერვალს, მას შემდეგ, რაც აღნიშნულ უწყებას მოთხოვნილი ინფორმაციის სრული პაკეტი გაეგზავნა, „როსპოტრებნადზორმა“ მიიღო კომპანიის ოფიციალური განაცხადი მინერალური წყლის რეგისტრაციის თაობაზე“, – ნათქვამია ზემოხსენებული კომპანიის განცხადებაში.

კომპანია მზადაა, მიიღოს რუსი ექსპერტები და საწარმოს ინსპექტირებაში მათ სრული ხელშეწყობა აღმოუჩინოს.