აქტუალური
ივანიშვილი: „ვისწავლოთ, როგორ ავირჩიოთ და მერე როგორ ვაკრიტიკოთ, ვაკონტროლოთ ხელისუფლება“

1-presssko-aqtuaaa2საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. ამ წუთებში მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის პირველი დიდი პრესკონფერენცია პრემიერ-მინისტრის რანგში. სასტუმრო „რადისონში“ პრესკონფერენციას  ქართული და უცხოური მედიის 150-მდე ჟურნალისტი ესწრება.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ჯერ კიდევ დიდი სპეკულაციები მიდის პოლიტიკიდან მის წასვლასთან დაკავშირებით.

მისი განცხადებით, ის აპირებდა, 2014 წლის გაზაფხულზე, ადგილობრივი არჩევნების ჩატარების შემდეგ, წასულიყო პოლიტიკიდან. იგი არ ცვლის თავის გადაწყვეტილებას, თუმცა პუბლიკაციების პასუხად და საზოგადოების ფართო ინტერესის დასაკმაყოფილებლად განმარტებას აკეთებს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით: „მე არ მივრბივარ და მე არ გავრბივარ. მე წავალ მხოლოდ გამარჯვებული, თუ ყველაფერი კარგად იქნება და ყველასთვის ყველაფერი გასაგები იქნება“.

ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ წელიწად-ნახევრის ან უფრო ახლო პერიოდში საზოგადოებას განუმარტავს – სად მიდის და რატომ, მაგრამ თუ მისი საზოგადოებრივ სექტორში გადასვლის მზაობა არ იქნება და კითხვები გაჩნდება  – გუნდის მიერ დანაპირების შეუსრულებლობის ან შემდგომ არჩევნებში წარუმატებლობის შესახებ და ა.შ. – ასეთ შემთხვევაში ის არსად  წასვლას არ აპირებს.

„მე წავალ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, რაც მაქვს გეგმები და როგორც წარმომიდგენია დღევანდელი გადმოსახედიდან, მაქსიმალურად ეფექტურ ხელისუფლებას დავტოვებ და საარჩევნო პროცესში რაც მოსახლეობას მივეცი დაპირება, არავის გაუჩნდება ეჭვი, რომ მე ამ პასუხისმგებლობას დავიტოვებ“, – განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ გადავა უფრო რთულ სექტორში – საზოგადოებაში და მის ყველაზე დიდ ოცნებას რეალობად აქცევს, რომ უახლოეს დროში „ჩვენ მოვახერხოთ – ვისწავლოთ, როგორ ავირჩიოთ და მერე როგორ ვაკრიტიკოთ, ვაკონტროლოთ ხელისუფლება“.

„სწორედ ამგვარი კონტროლის გაღრმავება და დაჩქარება არის ჩემი დიდი სურვილი და მიმაჩნია, რომ ჩემი გადასვლა სამოქალაქო სექტორს გააძლიერებს“, – აღნიშნა მან.