საზოგადოება
ივანიშვილი: „ბევრი დაპირება მივეცით საზოგადოებას და ჩვენ ეს აუცილებლად უნდა შევასრულოთ“

1-presskonf-sazogaaa2საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. ამ წუთებში მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის პირველი დიდი პრესკონფერენცია პრემიერ-მინისტრის რანგში. სასტუმრო „რადისონში“ პრესკონფერენციას  ქართული და უცხოური მედიის 150-მდე ჟურნალისტრი ესწრება.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მთავრობის ფორმირების პროცესი დასრულდა, თუმცა ყველა სამინისტრო და პრემიერ-მინისტრის კანცელარია ჯერ კიდევ საჭიროებს საქმის კურსში სრულყოფილად შესვლას.

მისი თქმით, თავად და მთავრობის ყველა ხელმძღვანელი შესაძლებლობის მაქსიმუმს ხარჯავენ, რათა საზოგადოების მიერ დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეასრულონ: „დიდია მცდელობა, რამეთუ ჩვენ ძალიან დიდი ვალდებულებები ავიღეთ არჩევნების პროცესში, ძალიან ბევრი დაპირება მივეცით ჩვენს საზოგადოებას და ეს ყველაფერი ჩვენ აუცილებლად უნდა შევასრულოთ“.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის თანმიმდევრობით მოახერხებს და შეახსენებს მოსახლეობასაც და საკუთარ თავსაც, რა დაპირებები გასცა და რა გაკეთდა ამ მოკლე დროში დაპირებებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ის ყოველთვის იწყებდა სამართლიანობის აღდგენით, რომ ქვეყანაში აღდგეს ბალანსი და დაბრუნდეს სამართლიანობის განცდა. „პროკურატურაც და პოლიციაც პრაქტიკულად ფორმირებულია, საჭირო აუცილებელი ცვლილებები თითქმის დასრულებულია და შეიძლება ვთქვათ, რომ დღევანდელი პროკურატურა და პოლიცია ხალხის სამსახურში ჩადგა და, რაც მთავარია, შეწყდა ის ძალადობრივი ქმედებები პოლიციისა და პროკურატურის მხრიდან, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს“, – განაცხადა მან.