სამართალი
სააკაშვილის ძმა ბავშვობის მეგობარ ოქრუაშვილის სასამართლოზე მივიდა...

1-oqrooსაქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც ოლესია ვართანიანი („ეხო კავკაზა“) იტყობინება, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნდა. მან უარი თქვა ახალი ხელისუფლების მიერ მისთვის შეთავაზებულ „პოლიტიკური დევნილის“ სტატუსზე და ციხეში ჩაჯდა. საპატიმროში დარჩენას იგი მანამდე აპირებს, სანამ არ უპასუხებს ყველა ბრალდებას, რომლებსაც 5 წლის განმავლობაში წინამორბედი მთავრობა უყენებდა და არ დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას. ექს-მინისტრი სასამართლოს წინაშე უკვე წარსდგა.

ირაკლი ოქრუაშვილის მოულოდნელმა დაბრუნებამ ახალი ძალით შთააგონა მის მომხრეთა გამეჩხერებული რიგები. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მისი თანაპარტიელები პოლიტიკურ დევნას ექვემდებარებოდნენ და მრავალრიცხოვან სასამართლო პროცესებსა და ციხეებშიც მოხვდნენ. სასამართლო დარბაზში თავიანთ ლიდერს ისინი ფეხზე წამოუდგნენ და ხმამაღალი აპლოდისმენტებით შეეგებნენ.

ახლა ოქრუაშვილი ციხეშია, თუმცა, რომ არ ეჩქარა, შესაძლოა, გისოსებს მიღმა არც  მოხვედრილიყო.  მისი ყოფილი ადვოკატი ეკა ბესელია ხომ ამჟამად ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეა და მან საკუთარი ხელით შეიტანა ოქრუაშვილის სახელი „პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკური მოტივებით დევნილების“ სიაში. უახლოეს მომავალში ამ სიის დამტკიცებას პარლამენტი აპირებს, რის შემდეგაც შერისხული მინისტრი დაუბრკოლებლად შეძლებდა საქართველოში დაბრუნებასა და თავისუფლებაზე ცხოვრებას.

თუმცა, ყოფილმა მინისტრმა, რომელიც საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს, სხვა გზა არჩია. დილაუთენია ბიძამისთან ერთად თბილისის აეროპორტში ჩამოფრინდა, ხელისუფლებას ჩაბარდა და საპყრობილეში ჩაჯდა.

„ის არ ისარგებლებს ამნისტიის ან რომელიმე სხვა უფლებით. ის თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს, – აცხადებს მისი ადვოკატი და ახლო მეგობარი ზვიად კორძაძე, – მისთვის მთავარი თავისუფლება რომ ყოფილიყო, დღეს არ ჩამოვიდოდა. მისთვის მთავარი საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებაა. სანამ არ დაამტკიცებს, მანამდე ციხეში იჯდება“.

სასამართლო სკამი ოქრუაშვილისთვის შესაძლოა, პოლიტიკურ ტრამპლინად იქცეს. მომავალი წლის შემოდგომით საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება და შერისხული მინისტრის მომხრეები დარწმუნებული არიან, რომ მათი ლიდერი სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე ღირსეული კანდიდატი იქნება.

ასეთ პერსპექტივის განხილვაზე ქართულ პოლიტიკურ წრეებში ჯერჯერობით უარს ამბობენ. ოქრუაშვილის საქციელმა აშკარად გააოგნა „ნაციონალებიცა“ და „მეოცნებეებიც“. საქართველოში ასე მალე მას არავინ ელოდა.

ამავე დროს, შერისხული მინისტრი ჟურნალისტებთან საუბრისას განსაკუთრებული შთაგონების გარეშე საუბრობს ახალ ქართულ მთავრობაზე. მისი გაგება შესაძლებელია – წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ბიძინა ივანიშვილმა კატეგორიული უარი განაცხადა ოქრუაშვილის პარტიასთან თანამშრომლობაზე, მას „ფსევდოოპოზიცია“ უწოდა და სააკაშვილთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. სააკაშვილსაც ჯერჯერობით არავითარი რეაგირება არ მოუხდენია თავისი ყოფილი თანამოაზრის დაბრუნებაზე, სამაგიეროდ, ეს მისმა ძმამ მოიმოქმედა. ბევრის გასაკვირვად, სასამართლო დარბაზში დავით სააკაშვილი გამოჩნდა. ჟურნალისტმა მასთან გასაუბრება დერეფანში მოახერხა.

ოლესია ვართანიანი: რატომ გადაწყვიტეთ სასამართლოზე მოსვლა?

დავით სააკაშვილი: ის ჩემი ბავშვობის მეგობარია.

ო.ვ.: პოლიტიკურ უთანხმოებას რაღა ვუყოთ?

დ.ს.: ხდება ხოლმე... არავითარი პოლიტიკური უთანხმოება მასთან არ მაქვს. პოლიტიკისგან განზე ვდგავარ.

ო. ვ.: თქვენმა ძმამ იცის, აქ რომ ხართ? წინააღმდეგი არ არის?

დ.ს.: არა, არ იცის.

ო.ვ.: და არ გაბრაზდება, რომ გაიგოს?

დ.ს.: არ ვიცი, გაბრაზდება თუ არა.

ო.ვ.: როგორ ფიქრობთ, ოქრუაშვილი სწორად მოიქცა, რომ ჩამოვიდა?

დ.ს.: უთუოდ! ყველა უნდა დაბრუნდეს თავის სამშობლოში.

მისი ადვოკატების ცნობით, დაბრუნება ოქრუაშვილმა სამი კვირის წინ გადაწყვიტა. ბოლო 5 წლის განმავლობაში კი იგი პარიზში ცხოვრობდა, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. 2006 წელს ოქრუაშვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღებისთვის გაასამართლეს და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. შარშან კი მის ბრალდებებს ახალი დაემატა – ქვეყანაში გადატრილების მოწყობის მიზნით შეიარაღებული დაჯგუფებების ფორმირება.