საზოგადოება
ვანო მერაბიშვილი: „ჩვენ უნდა ვაქციოთ ოფისები ხელისუფლების ალტერნატივად“

1-merabiS-sazogadoeba1საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პარტიის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და თბილისის მერი გიგი უგულავა პარტიის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარსული საქმიანობა და სამომავლო გეგმები, ისაუბრეს დაშვებულ შეცდომებზე, არჩევნებში წაგების მიზეზებზე, პარტიის განვითარების სტრატეგიაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოსახლეობასთან შეხვედრებისას ხშირად დასმულა კითხვა, როგორ შეიძლება მოქალაქე გახდეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა პარტიის სტრატეგიაზე ისაუბრა: „ჩვენ ასეთი სტრატეგია გვაქვს: ჩვენ აქტიურად ვაპირებთ პარტიის წევრობის აღდგენას, განახლებას. გარდა ამისა, ჩვენ გვინდა, რომ სხვა ადამიანებსაც მივცეთ აქტიურობა, შემოვიღოთ ახალი სტატუსები, როგორიცაა, ვთქვათ, „მხარდამჭერი“. ჩვენ გვინდა, ვაქციოთ ჩვენი ოფისები იმ ადგილად, სადაც ხდება მსჯელობა, ვთქვათ, არა მარტო პოლიტიკურ საკითხებზე, არამედ, ეკონომიკურ საკითხებზეც; ჩვენ ვაქციოთ ოფისები ხელისუფლების ალტერნატივად, სადაც მოხდება ამ საკითხების განხილვა და ადამიანები ჩაერთვებიან როგორც ქალაქის დონეზე, ისე რაიონების დონეზე და ეს იქნება ცოცხალი ორგანიზმი“, – აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.