საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. სააპელაციო სასამართლომ ვაჟა ლელუაშვილს შეტანილი სარჩელის განხილვაზე უარი უთხრა. მანამდე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილისთვის 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე. ვაჟა ლელუაშვილს ბრალი 5 მუხლით წარედგინა, რომელთაგან სამში მან თავი დამნაშავედ ცნო.
ლელუაშვილის ადვოკატი ზაზა ვაშაყმაძე გაკვირვებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რადგან, მისი შეფასებით, უარის დასაბუთება არ იყო სათანადო. ვაშაყმაძის თქმით, „მთლიანობაში ეს გადაწყვეტილება არის უსამართლო“, რადან, მისი აზრით, ეს საკითხი, სულ მცირე, განსახილველად მაინც უნდა გატანილიყო.ამავე დროს, სააპელაციო სასამართლომ თანხმობა განაცხადა შს მინისტრის ყოფილი მოადგილისა და ვიცე-მერის, შოთა ხიზანიშვილის, საქმის განხილვაზე.
ხიზანიშვილის ადვოკატ მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, სასამართლომ დასაშვებად ცნო მათი საჩივარი აღმკვეთი ღონისძიების გაუქმებასთან ან შეცვლასთან დაკავშირებით. „განხილვა იქნება და იმედია, რომ სასამართლო ჩვენს არგუმენტებს გაიზიარებს, რადგან სრულიად დასაბუთებულია საჩივარი და დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს“, – აღნიშნა ჭაბაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ დღესვე უნდა შედგეს შსს 10 ყოფილი მაღალჩინოსნის სააპელაციო სარჩელების განხილვაც. პროცესი 3 საათისთვის არის ჩანიშნული. ადვოკატების თქმით, განხილვას ბრალდებულებიც დაესწრებიან. სააპელაციოში საჩივრები 19 ნოემბერს შევიდა. დაცვის მხარე ბრალდებულებისთვის წინასწარი პატიმრობის ნაცვლად 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს.